გიორგი ცუცქირიძე: “არასამთავრობო სექტორმა არათუ ერთი ნაბიჯი არ გადადგა პროცესების დეესკალაციისაკენ, არამედ მიაწება რა ამ კანონპროექტს “რუსული ნარატივი”, თავიდანვე კონფრონტაციის გზა აირჩია”

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

“ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გააქტიურებამდე, როდესაც მოხდა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის პარლამენტში ინიცირება, რასაც ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა, პირველივე პოსტში მივმართე წამყვან 10 არასამთავრობო სექტორს, თუ მათთვის გამჭვირვალობის თემა არ წარმოადგენდა პრობლემას, მოეხდინათ მათი პროექტების საჯარო პრეზენტაცია და წარმოეგინათ ალტერნატიული ხედვა ფინანსური გამჭვირვალობის უკეთესად უზრუნველსაყოფად.

ამ მიმართვის დედააზრი კი ის იყო, რომ პროცესებს გაიყვანდა არა კონფრონტაციის რეჟიმში, არამედ გახსნიდა ფანჯარას დიალოგისათვის, ახლა რომ მოგვიწოდებს ბატონი შარლ მიშელი.

სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორმა არათუ ერთი ნაბიჯი არ გადადგა ამ მიმართულებით პროცესების დეესკალაციისაკენ, არამედ მიაწება რა ამ კანონპროექტს “რუსული ნარატივი” თავიდანვე კონფრონტაციის გზა აირჩია. პროცესები თუ რა მიმართულებით განვითარდებოდა  უკვე ცხადი იყო, როდესაც ყოფილმა სახალხო დამცველმა ქალბატონმა ლომჯარიამ  გავრცელებულ სატელეფონო საუბარში მოითხოვა გარედან მოეხდინათ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, სხვა შემთხვევაში ერთ კაცსაც კი ვერ გამოვიყვანთ გარეთო! ბუნებრივია, ეს სატელეფონო მიმართვა მათ უცხოელ სპონსორებზე იყო გათვლილი.

აქედანაც ჩანს, რომ მათი მთავარი მიზანი თავიდანვე საპროტესტო მუხტის გაღვივება და პროცესის ქუჩაში გადატანა იყო, რასაც არანაირი კავშირი ამ კანონის ვითომდა რუსულ შეფერილობასთან არ ჰქონია. სამართლებრივადაც წარმოუდგენელია, კანონი იყოს საგარეო ორიენტირის შეცვლის წინაპირობა, რომლის მიზანიც თავსართშივე არსებული საკანონმდებლო სივრცის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, თანაც დეკლარირების პრინციპზე. მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში მოქმედებს და არავის ეჭქვეშ არ დაუყენებია კონსტიტუციის 78-ე მუხლის პრიორიტეტი, რაც ევროატალანტიკურ ორიენტაციას კონსტიტუციურად აღიარებს!

ამ საკითხის რუსულ ნარატივად კონვერტირება რომ სპეკულაციური იყო, დღეს კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა, როდესაც ოპოზიციამ უკვე დაიწყო ღია საუბარი ხელისუფლების დელეგიტიმაციაზე და ხელისუფლების გადაბარება დააყენა წამყვან მოთხოვნად!

როდესაც ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, აქ, ბუნებრივია, იგულისხმება მისი რადიკალური ნაწილი, “ნაციონალური მოძრაობის” და მისი პოლიტანასხლეტების სახით, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ მისი წევრები იყვნენ.

თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ახალგაზრდობის პროტესტს მაქსიმალურად გამოიყენებდენ სიტუაციის დესატაბილიზაციისათვის, რადგან სხვა შანსი მათ ხელისუფლებაში კანონიერი გზით, ანუ არჩევნებით მოსვლით უბრალოდ არა აქვთ და ამას აჩვენებს ყველა გამოკითხვა, ამერიკული ორგანიზაციების NDI-ის და IRI-ის ჩათვლით.

ამ პროცესის ნაწილი იყო “ფრანკლინის” ტიპის ახალგაზრდული ორგანიზაციების “მოხოდვა” ახალგაზრდული პროტესტის გასაფართოებლად და პატრიოტულ ნიადაგზე სტუდენტობის პროტესტში ჩასართავად, რაც მათ უნდა ვაღიაროთ გარკვეულწილად მიაღწიეს კიდეც. აკერმანის ტრეინინგებზე ტყუილად კი არ იწერება ამდენი.

თუმცა, ამ ტიპის პროტესტის რევოლუციაში გადასაზრდელად მნიშვნელოვანი  დროის ფაქტორია, როგორც შედარებით მოკლევადიან ეფექტზე გათვლით, რადგან საინფორმაციო ომში დრო გაწელვადი ვერ იქნება. რაც დრო გავა მით უფრო მეტის ინფორმაცია გახდება ცნობილი ამ პროცესების ავტორებსა და მათზე, თუ ვინ დგას პროტესტის უკან ქვეყნის გარეთ!

ამიტომაც ასე ჩქარობდენ, რადგან დრო ხელისუფლებაზე მუშაობს, საინფორამციო ომი კი მიმართული იყო , პირველ რიგში, ხელისუფლების შიგნიდან ჩამოსაშლელად, მესიჯბოქსად რომ გასდევს კითხვა- აბა ვინ იქნება პირველი, ვინც სახელისუფლებო ნავიდან გადმოხტება? და მეორე, ძალოვანი სტრუქტურების დემორალიზაცია ,პლუს უხვად გაჯერებული ბულინგის ელემენტებით!

საქართველოში წინა ორი სახელმწიფო გადატრიალებაც 1991  და 2003 წლებში ანალოგიური სცენარით განვითარდა და ორივე შემთხვევაში დრო იყო გადამწყვეტი!

საქართველოს ხელისუფლების ამოცანა სწორედ დროის მოგება იყო, რადგან ქართული რადიკალური ოპოზიციის ხარბი და სულსწრაფი ბუნება დროის მენეჯმენტში აუცილებლად წააგებდა, რასაც ჩვენ უკვე ისედაც ვხედავთ!

საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი გამოწვევებიც, რაც საგარეო ფაქტორებს უკავშირდება გადაწყვეტადია, თუ ის შეინარჩუნებს სიმშვიდეს და არ აჰყვება მოწინააღმდეგის თამაშს პროვოკაციებზე. ხელისუფლებამ აშკარად მოიგო პოლიციის კორდონების გაყვანით, რაც გუშინაც თვალნათლივ გამოჩნდა. პროტესტიც მინავლებადია, რადგან დარწმუნებული ვარ, ბევრი ახალგაზრდა დროში უკეთ გააცნობიერებს, თუ რა სახიფათო თამაშში ჰყავთ ისინი ჩართული.

ამასთან, მათაც კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ქვეყნის ორიენტაციის შეცვლის და რუსულ ორბიტაზე დაბრუნების საფრთხე, რომ მართლა რეალური იყოს, პროტესტი გაცილებით მასშტაბური იქნებოდა და მხოლოდ ახალგაზრდულ ელემენტზე არ იქნებოდა დამოკიდებული!

ერთიც უნდა ითქვას, ნამდვილად კარგია, რომ 30- წლიანი დამოუკიდებლობის შედეგს ვხედავთ და ვიმკით, ამ ქვეყნის ახალი თაობა, აქ სტუდენტთა პატრიოტულ ნაწილს ვგულისხმობ და არა დაქირავებულ რადიკალებს, უკან დაბრუნებას არ მიიღებს არაფრის ფასად, რაც არის თუნდაც ჩვენი თაობის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გაგრძელება 21 -ე საუკუნეში!”- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები