თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გოგი დოლიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოდო ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში გაიმართა პროფესორ გოგი დოლიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: გოგი დოლიძის ყოფილი სტუდენტები, კოლეგები, მეგობრები, კინომცოდნეები და თეატრის წარმომადგენლები. მის ღვაწლსა და შემოქმედებაზე ისაუბრეს: თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კანცლერმა გიორგი ხარებავამ, თეატრმცოდნე მაკა ვასაძემ, პროდიუსერმა ხათუნა ხუნდაძემ და სხვებმა. დამსწრე საზოგადოებამ ეკრანზე იხილა ფრაგმენტები ალ. წუწუნავას პირველი ქართული კინოკომედიიდან „ხანუმა“ (1926), რომელიც გოგი დოლიძემ 1981 წელს აღადგინა.
„თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა გოგი დოლიძეს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის საიუბილეო მოოქრული მედალი გადასცა, რომელიც ყოველწლიურად უნივერსიტეტისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის გამორჩეულ ადამიანებს გადაეცემა. საღამოს კინოისტორიკოსი, გოგი დოლიძის ვაჟი ზვიად დოლიძე უძღვებოდა.
გოგი დოლიძე სხვადასხვა წელს აქტიურად საქმიანობდა საგამომცემლო და აკადემიურ სფეროებში. არის ავტორი მრავალი კრიტიკული წერილისა და რამდენიმე მონოგრაფიისა კინოს ისტორიის საკითხებზე: „მაიაკოვსკი და კინო“ (1968), „ქართული საბჭოთა კინემატოგრაფია“ (1972), „საუბრები კინოხელოვნებაზე“ (კ. გოგოძესა და ვ. ბახტაძესთან ერთად), „ლევან ხოტივარი“ (1978), „ქართული კინოხელოვნება“ (1979), „ქართული კინო გუშინ და დღეს“ (1985), „ვასილ ამაშუკელი“ (რ. ჩხეიძესთან ერთად) და სხვ. მან გადაიღო დოკუმენტური ფილმი „შემოდგომა“ მწერალ ო. იოსელიანის შესახებ.
1969 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში (მუშაობდა ადმინისტრაციულ თანამდებობებზეც: იყო კინოფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის პრორექტორი). ამჟამად არის ამავე უნივერსიტეტის მთავარი სამეცნიერო კონსულტანტი.
1980-იან წლებში უძღვებოდა ტელეგადაცემათა ციკლს – „ქართული კინოს ისტორია“.
მან, როგორც რეჟისორმა, აღადგინა და გაახმოვანა არაერთი ქართული მუნჯი მხატვრული ფილმი, ეროვნული კინემატოგრაფიის ის შედევრები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ კინოხელოვნებას: ალ. წუწუნავას „ხანუმა“ და „ორი მონადირე“, კ. მარჯანიშვილის „ამოკი“, „კრაზანა“, „კომუნარის ჩიბუხი“, მ. ჭიაურელის „საბა“, ვ. ბარსკის „ბელა“, „თავადის ასული მერი“, „მაქსიმ მაქსიმიჩი“, ა. ბეკ-ნაზაროვის „ნათელა“, ლ. ესაკიას „ჰოლტზე“, გ. მაკაროვის „ქალი ბაზრობიდან“, დ. რონდელის „უგუბზიარა“, მ. გელოვანის „ნამდვილი კავკასიელი“, კ. პიპინაშვილის „ფრონტისაკენ“, ასევე, ლ. მესხიშვილის მონაწილეობით შემორჩენილი ფილმები: „შურისმაძიებელი ღმერთი“ და „ორლოვების ოჯახის სირცხვილი“.
გოგი დოლიძე არის ჟურნალისტთა, კინემატოგრაფისტთა, თეატრის მოღვაწეთა კავშირების წევრი. 2003 წელს მიიღო ნიკო ნიკოლაძის პრემია წიგნისათვის „აკაკის მოგზაურობა“- 90. ფილმი, ეპოქა, ადამიანები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები