“ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოვადიან პერიოდში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ექნება” – საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. ფონდის ბოლო შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,7 %-ს, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 5,1%-ს შეადგენს.
სავალუტო ფონდის ანგარიში ასევე შეეხება ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით. ამ მაჩნებელის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის 5 კანდიდატ ქვეყანას და შედარებით მაღალ მაჩვენებელს შემდეგ წლებშიც შეინარჩუნებს.
მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით, 2023 წელს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელმა ევროკავშირის ანალოგიური მაჩვენებლის 41% შეადგინა, ხოლო 2029 წლისთვის 51%-ს გადააჭარბებს.
შედარებისთვის, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი 2029 წელს 42%, ხოლო მოლდოვის – 39% იქნება.