შალვა პაპუაშვილი – საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებზე: რაც ქართველი ხალხისთვის კარგია, იმას გავითვალისწინებთ

“რაც არის ქართველი ხალხისთვის კარგი, იმას გავითვალისწინებთ, რაც არ არის კარგი ქართველი ხალხისთვის, იმას არ გავითვალისწინებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანა ასე იქცევა.

„არ გავითვალისწინეთ დაჟინებული რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა, როგორც არ გავითვალისწინეთ დაჟინებული რეკომენდაცია, რომ სანქციები დაგვეწესებინა, როგორც არ გავითვალისწინეთ დაჟინებული რეკომენდაცია, რომ მებრძოლები გაგვეგზავნა უკრაინაში. არ გავითვალისწინეთ. ესეც მოდიოდა უცხოელი პარტნიორებისგან და არ გავითვალისწინეთ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო იყო.

ალბათ ნახავდით ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მისი ყველაზე დიდი მოკავშირე და მისი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტორი არის ამერიკის შეერთებული შტატები და მისი განცხადება დღეს ნახეთ, რომ ჰქონდათ კონსულტაცია უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და მან თქვა პირდაპირ – რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მთავარი პარტნიორი, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ისრაელის ხალხის ინტერესებით. ასეა ყველა ქვეყანა. ამას ვითხოვდით 1988 წელს.

მე პატარა ვიყავი და მოვესწარი და 1988 წელს ნოემბერში აქციები რომ იმართებოდა, იმ აქციებზე როგორც ბავშვი ნამყოფი ვარ, მახსოვს რას ითხოვდნენ, სუვერენიტეტს ითხოვდნენ და მართლაც პარადოქსია, რომ გავიდა 30 წელზე ცოტა მეტი და როგორ მოხდა, რომ ახლა აჯერებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ სუვერენიტეტის დათმობა, მისი არ გაძლიერება უნდა იყოს მთავარი მიზანი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები