კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსის – „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული რვა პროექტი.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროექტებია:
1. „კინოხელოვნება სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული მოზარდებისათვის“ – განმახორციელებელი შპს „ოქროს პეპელა“. პროექტი ითვალისწინებს სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული მოზარდებისათვის კინოხელოვნების საფუძვლების სპეციალური ორთვიანი პროგრამის შესწავლას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სამოყვარულო ფილმების გადაღებას.
2. „ჟესტური სამყარო“ – განმახორციელებელი “ა(ა)იპ საქართველოს ყრუთა კავშირი”. პროექტის განმავლობაში გაიმართება სამი ღონისძიება: 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კავშირის შენობაში; 14 ივნისს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი მუშტაიდის ბაღში და 28 სექტემბერს ჟესტური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი „ექსპოჯორჯიაში“.
3. „ინკლუზიური სასწავლო-შემოქმედებითი პრაქტიკები“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ საქართველოს კულტურის აკადემია. პროექტი ითვალისწინებს ფერწერის, კერამიკის, ქსოვილისა და შერეული ტექნიკის სპეციალურად შექმნილი სასწავლო პროგრამის მორგებას ინკლუზიური სწავლებისათვის. ლექციები ჩაუტარდება დღის ცენტრების 30 ბენეფიციარს.
4. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ინკლუზიური აუდიოსპექტაკლის სახით“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ “აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერა“. პროექტის ფარგლებში ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი პიესა „მეფე ლირი“ ჩაიწერება ინკლუზიური აუდიოსპექტაკლის სახით. გახმოვანებაში მონაწილეობას მიიღებს ხუთი პროფესიონალი გამხმოვანებელი, მათ შორის – ორი შშმ პირი.
5. „ინკლუზიური კონცერტი. პარაორკესტრი „რეზოსა და ბავშვებთან“ ერთად“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ ,,მშობელთა ხიდი“. პროექტის ფარგლებში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, 14 ივნისს თბილისში, ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში, ჩატარდება ინკლუზიური კონცერტი პარაორკესტრისა და ანსამბლის – „რეზო და ბავშვები“ – მონაწილეობით.
6. ,,ინკლუზიური სპექტაკლი ,,ეთერშია ჰელიოსი“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ “ნიკე თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის“. სპექტაკლი ,,ეთერშია ჰელიოსი“ ირა კოხრეიძის თეატრალური დასის მეცხრე საავტორო სპექტაკლია. მასში მონაწილეობს 15 შშმ პირი და 8 ტიპური განვითარების მსახიობი. სპექტაკლში გამოყენებული იქნება მიმოდრამული და ქორეოგრაფიული თხრობის სტილი.
7. „ვიზუალური კლასიკური მუსიკა და მუსიკოგრამა, როგორც დამხმარე სასწავლო ტექნოლოგია“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ ბიბლიოთეკა – კულტურული ცენტრი უნარშეზღუდულთათვის „თანადგომა“. პროექტი ითვალისწინებს შშმ პირების ინკლუზიური განათლებისათვის დამხმარე სასწავლო პროდუქტის – „ვიზუალური კლასიკური მუსიკისა“ და „მუსიკოგრამის“ პროტოტიპების შექმნას. შექმნილი პროდუქტი, როგორც დამხმარე სასწავლო რესურსი, განთავსდება ციფრულ პლატფორმაზე და გადაეცემა კასპის, გორის, ქარელის დაწყებით სკოლებსა და დღის ცენტრებს.
8. ,,ინკლუზიური დასის – ,,ცხოვრება მშვენიერია“ – სპექტაკლი „ორი ბატონის მსახური“- განმახორციელებელი ა(ა)იპ ,,ცხოვრება მშვენიერია“. პროექტი ითვალისწინებს იტალიელი დრამატურგის, კარლო გოლდონის, პიესა „ორი ბატონის მსახურის“ მიხედვით სპექტაკლის დადგმას, რომელშიც შვიდი სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირი იქნება ჩართული. შშმ მსახიობებთან ერთად სპექტაკლში მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და იტალიური სკოლა „ცისკრის“ მოყვარული მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას.
„კონკურსის ბიუჯეტი იყო 120 000 ლარი. სამინისტროს მომართა 18-მა განმცხადებელმა. კონკურსის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კულტურის ხელმისაწვდომობის მიზნით ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარება/წარმოჩენა და მათთვის კულტურულ ცხოვრებაში ჩასართავად თანაბარი პირობების შექმნა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ბრაილის შრიფტით შექმნილი ქართული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების გამოცემის ხელშეწყობა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ონლაინპლატფორმების გამოყენებით, კულტურის ხელმისაწვდომობისთვის საჭირო პირობების შეთავაზება.
ინფორმაციისთვის: 2023 წელსაც კონკურსის ბიუჯეტი იყო 120 000 ლარი. სამინისტროს 22-მა განმცხადებელმა მომართა, დაფინანსდა რვა პროექტი. 2022 წელსაც ბიუჯეტი იყო 120 000 ლარი. შემოსული 14 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა ხუთი პროექტი. 2021 წელს კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენდა 97 000 ლარს. კულტურის სამინისტროს 20-მა განმცხადებელმა მომართა და დაფინანსდა ოთხი პროექტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები