კახა კალაძე: ეს კანონი არ ეხება სტუდენტებს, მეცნიერებს, შშმ პირებს ან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ ეხება არც სტუდენტებს, არც მეცნიერებს, შშმ პირებს ან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის ფინანსები გამჭვირვალე არ არის.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

„ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ იმის გათვალისწინებით, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის მომავალს. ის ადამიანები, ვინც აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ, ვერანაირ არგუმენტს ვერ დებენ, თუ რატომ არის ის პრობლემა, როცა მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ის არ ეხება სტუდენტებს, მეცნიერებს, შშმ პირებს, არც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც გრანტს იღებენ. ის ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ფინანსები არ არის გამჭვირვალე. ჩვენ ხშირად ვხდებით მოწმენი იმისა, რომ ხდება ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია რადიკალიზმთან, ექსტრემიზმთან, რევოლუციურ სცენარებთან და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ყველაფერი რომ გამორიცხული იყოს, ამისთვისაა მნიშვნელოვანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქვით, ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ, თავის დროზე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდნენ.

„ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ აღნიშნულ კანონს – ესენი შეიძლება იყვნენ უცხოელები, ასევე, ქვეყნის შიგნით, იგივე ადამიანები არიან, რომლებიც რამდენიმე თვის წინ პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ საქართველო მიერთებოდა სანქციებს, ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს. მინდა, ვუთხრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას: ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა, აქ რომ ერთი ტყვია გავარდნილიყო, მეორე ფრონტი გახსნილიყო, ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა და ასე შემდეგ. ეს იქნებოდა დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს იგივე ადამიანები, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოგვიწოდებდნენ, აპროტესტებენ გამჭვირვალობის კანონს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები