ანრი ოხანაშვილი – ხატია დეკანოიძეს: თქვენ როდესაც ამბობთ, რომ მედიის ბევრ წარმომადგენელს არ მიეცა საშუალება დასწრების, ეს არის ტყუილი
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, თითქოს, მედიის ბევრ წარმომადგენელს სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა, ტყუილს უწოდებს.
„ტყუილია, ჩემი ვალდებულებაა, დეზინფორმაციის დროს გავთიშო მიკროფონი და ვთქვა სიმართლე. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არ მიეცა საშუალება ბევრს დასწრების, ეს არის ტყუილი. აქ არის ბევრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. ვინც მოგვმართა, მაქსიმალურად შევძელით, რომ დასწრებოდა დღევანდელ სხდომას. ასევე, მედიაორგანიზაციების სახელით, ვინც ითხოვა დასწრება, მასაც მივეცით საშუალება“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილება, ხმაურით დაიწყო.
ხმაური ოპოზიციონერი დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებამ გამოიწვია. მან კანონპროექტს “რუსული” უწოდა, რასაც უმრავლესობის წევრები შეეწინააღმდეგნენ.