საქპატენტი ერთ-ერთი მედია საშუალების კითხვებს წინასწარ და საჯაროდ პასუხობს, დაგეგმილ სიუჟეტში ფაქტების დამახინჯების თავიდან ასაცილებლად

საქპატენტი დაგეგმილ სიუჟეტში ფაქტების დამახინჯების თავიდან ასაცილებლად მედია საშუალების კითხვებს წინასწარ და საჯაროდ პასუხობს. “კვირა” საქპატენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქპატენტისათვის ცნობილი გახდა, რომ ეგრეთ წოდებული მედია საშუალება „სტუდია მონიტორი“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე მორიგ სიუჟეტს ამზადებს. აღნიშნულმა, ეგრეთ წოდებულმა მედია საშუალებამ  საქპატენტისა და მისი თავმჯდომარის სოსო გიორგაძის შესახებ რამდენჯერმე მიზანმიმართულად გაავრცელა ყალბი და ცილისმწამებლური ინფორმაცია. ამჯერად, სავარაუდოდ, მორიგი ცრუ სიუჟეტის ავტორმა ჟურნალისტმა წერილობით გამოგზავნა საქპატენტში კითხვები. აღსანიშნავია, რომ თვით კითხვებიც კი უკვე შეიცავდა გაყალბებულ მონაცემებს. ამავდროულად, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ჟურნალისტისათვის პასუხის წერილობით ან ინტერვიუს ფორმატში გაცემის შემთხვევაში, ჩვენ მიერ მიწოდებული ობიექტური ინფორმაცია სიუჟეტში დაუმახინჯებლად ან საერთოდ მოხვდება. შესაბამისად, ვასაჯაროებთ წერილობით დასმულ შეკითხვებს და, ასევე, საზოგადოებას საჯაროდ ვთავაზობთ მათზე პასუხებს.

 

ჟურნალისტის კითხვა №1 – რატომ განიხილეთ ორგანიზაციის (GCA) ძველი წესდება?

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე, მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიამ, რომელშიც, საქპატენტის თავმჯდომარესთან ერთად,  საქართველოს პარლამენტის წევრები და, ასევე, საქართველოს სამინისტროების წარმომადგენლები შედიოდნენ, განიხილა 3 ორგანიზაციის განცხადება და ყველა მათგანის, მათ შორის, ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) შემთხვევაში, იხელმძღვანელა მხოლოდ მოქმედი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული წესდებით.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) ხელმძღვანელი გიგა კობალაძე მოითხოვდა, რომ აკრედიტაციის კომისიას განაცხადის განხილვისა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მსჯელობისას ეხელმძღვანელა ორგანიზაციის იმ წესდებით, რომელიც არც განაცხადის წარდგენის ეტაპზე და არც აკრედიტაციის კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის არ იყო შესაბამისი წესით რეგისტრირებული. ასეთი, კანონშეუსაბამო მოთხოვნის მიზეზი კი იყო ის, რომ GCA-ს მოქმედი წესდება ვერ აკმაყოფილებდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონით აკრედიტაციის მინიჭებისათვის დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი კი იმპერატიულად უთითებს, რომ იურიდიული პირის წესდება რეგისტრირებული უნდა იყოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

 

ჟურნალისტის კითხვა №2 – GCA-მ საჯარო რეესტრში წესდების რეგისტრაცია არაერთხელ უშედეგოდ სცადა. თქვენ, როგორც იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გამოიყენეთ თუ არა გავლენები ამ პროცესში?

პირველ რიგში ხაზგასასმელია, რომ თუ კი ჟურნალისტი წინა კითხვაში აკრედიტაციის კომისიას ადანაშაულებდა, რომ კონკურსის მიმდინარეობისას GCA-ს ძველი, შესაბამისად ძალადაკარგული წესდებით იხელმძღვანელა, მეორე კითხვით თვითონვე ადასტურებს, რომ GCA-ს ახალი, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაფერისი წესდება არც არასდროს დაურეგისტრირებია.

აქვე სიცხადისათვის გვსურს რამდენიმე მაგალითი მოვიტანოთ, თუ რატომ ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ ორგანიზაციის წესდებას, რომელსაც სურს ავტორ- შემსრულებელთა უფლებები მართოს, შესაბამისად აქვს პრეტენზია, რომ შეაგროვოს და გაანაწილოს ჰონორარები.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ორგანიზაცია ვალდებულია სამართლიანად და გამჭვირვალედ მართოს მისთვის მინდობილი უფლებები. ასევე, კანონი ორგანიზაციას ავალდებულებს წესდებაში  გარანტიის ჩაწერას, რომ შეგროვებული ჰონორარებიდან არა უმეტეს 20%-ს გახარჯავს საკუთარი, ანუ ადმინისტრაციის ხარჯებისათვის. საზოგადოებას შევახსენებთ,  2023 წელს GCA -ში ჩატარებულმა აუდიტმა ცხადყო, რომ ეს ორგანიზაცია საკუთარი ხარჯებისათვის არა 20%-ს, არამედ შეგროვებული ჰონორარების 50%-მდე იყენებდა. ეს თანხა კი დიდწილად იხარჯებოდა ორგანიზაციის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურებაზე, სწავლის დაფინანსება და თუ სხვა პირად საჭიროებებზე.

გარდა ამისა, კანონი ორგანიზაციებს ავალდებულებს, რომ დანერგონ კარგი მმართველობის პრინციპი, რისი ერთ-ერთი გარანტიაა, რომ ორგანიზაციები ვალდებულნი არიან წესდებაში ასახონ პირობა, რომ ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ 2-ჯერ და ორგანიზაციას მართავდეს  არა უმეტეს 8 წლის მანძილზე. გასულ წელს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქმედი თავმჯდომარე გიგა კობალაძე, რომელიც 2011 წლიდან უცვლელადაა ამ პოსტზე, 13-წლიანი მმართველობის შემდეგ,  ორგანიზაციაში გამართულ არჩევნებზე, კვლავ ერთადერთ კანდიდატად იყო წარდგენილი, ხოლო ორგანიზაციის წევრი ქართველი ავტორ-შემსრულებლები, კერძო დაცვის სამსახურის ცოცხალი ძალის გამოყენებით, კრებაზე არც კი დაუშვა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების ფონზე, ვფიქრობთ საკითხავიც კი არ არის, რატომ არ სურს GCA-ს მოქმედ ხელმძღვანელს ისეთი წესდების მიღება, რომელიც მისგან გამჭვირვალობასა და ავტორთა ჰონორარების რაციონალურ ხარჯვას მოითხოვს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული პირის რეგისტრაციის, მათ შორისი, წესდებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საქმისწარმოების მასალები, საჯაროდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და, შესაბამისად, ყველას შეუძლია გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის მხრიდან GCA-თან არაერთხელ გაიგზავნა შეტყობინება, რათა ახალი წესდების რეგისტრაციისა თუ ახალი თავმჯდომარის არჩევისათვის დაეცვათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები. მიუხედავად ამისა, GCA-მ არც ერთხელ არ გამოასწორა დადგენილი ხარვეზი.

ვფიქრობთ, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნული, გადამოწმებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის გადასაფარად ცდილობს ჟურნალისტი საქპატენტის თავმჯდომარის სოსო გიორგაძის დაკავშირებას GCA-ს წესდების რეგისტრაციის პროცესებთან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქპატენტის მოქმედმა თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი 2021 წელს დატოვა, მას შემდეგ, კერძოდ, 2021-2022 წლებში იყო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.

 

ჟურნალისტის კითხვა №3 – აკრედიტაციის კომისიამ თქვენი ხელმძღვანელობით გამარჯვებულად რუსეთთან დაკავშირებული ასოციაცია IPOA გამოაცხადა. რატომ გადაეცით საავტორო უფლებების მართვაზე კონტროლი რუსეთთან დაკავშირებულ ორგანიზაციას?

მიუხედავად კითხვის უდავოდ პროვოკაციული შინაარსისა, განვმარტავთ, რომ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სამართავად აკრედიტაცია ენიჭება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უპირობოდ უნდა იყოს დაფუძნებული უფლების მფლობელების, ანუ ქართველი ავტორ-შემსრულებელთა მიერ. ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა აკრედიტაცია, დაფუძნებულია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიერ და, რაც მთავარია, მისი წევრები არიან მხოლოდ ქართველი ხელოვანები, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულია. ერთადერთი უცხოელი, რომელიც ამ ორგანიზაციის შესახებ საქპატენტში არსებული ინფორმაციით, IPOA-შია დასაქმებული გერმანიის მოქალაქე შტეფან შულცია და ის საერთაშორისო ურთიერთობის დირექტორის პოზიციას იკავებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქპატენტმა არაერთხელ გაავრცელა ამომწურავი ინფორმაცია აკრედიტაციის კონკურსის მიმდინარეობისა და გამარჯვებული ორგანიზაციის გამოვლენის შესახებ, მათ შორის, აკრედიტაციაზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე, 2023 წლის 29 დეკემბერს (იხ.:https://www.sakpatenti.gov.ge/ka/news_and_events/562/)”,  – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები