“ენერგეტიკული ბირჟის სრულად გახსნის 2 წლით გადავადება კომპანიებს კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას, თავიანთი შესაძლებლობები სატესტო რეჟიმში ნახონ, ორი წლის შემდეგ ვაჭრობასთან მიმართებით უფრო თამამები იქნებიან”, – მაია მელიქიძე

“ენერგეტიკული ბირჟის სრულად გახსნის 2 წლით გადავადება კომპანიებს კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას, რომ თავიანთი შესაძლებლობები სატესტო რეჟიმში ნახონ, თუ სად არის რისკები, გამოწვევები და ორი წლის
შემდეგ ვაჭრობასთან მიმართებით გაცილებით უფრო თამამები იქნებიან”, – ამის შესახებ, „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA-ს) აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მელიქიძემ ენერგეტიკული ბირჟის გარდამავალი მოდელით მუშაობის 1 წელი შეაფასა და ბირჟის სრული გახსნის 2 წლით გადავადებას გამოეხმაურა.
2024 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდა. ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას, შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში ითვალისწინებს. ენერგეტიკულ ბირჟის სრულად გახსნა 2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმებოდა. ბირჟის სრულად ამოქმედების შემდეგ საათობრივი დაბალანსებისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ამოქმედება სავალდებულო გახდება.

როგორც მაია მელიქიძემ განაცხადა, კერძო სექტორისთვის მისაღებია ის, რომ ბირჟის სრულყოფილად გახსნა ორი წლით გადავადდა.
მელიქიძის თქმით, ბირჟა გამჭვირვალობას, კონკურენტუნარიან ფასს, ობიექტურობას, სამართლიანობას ნიშნავს და ეს ჩვენს ქვეყანას იმისათვის სჭირდება, რომ ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს.

“ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის საყრდენი ბალავარი და ხერხემალია. რაც დრო გადის, ენერგომატარებლები მსოფლიოსთვის კიდევ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას: მისი გახსნა ექვსჯერ გადაიდო, 2024 წლის პირველ ივლისს კი ნებაყოფლობით გაიხსნა. ნებაყოფლობით ნიშნავდა იმას, რომ ნებისმიერმა მსურველმა, ვინც თვლიდა, რომ თავისი მდგომარეობა ტესტირების რეჟიმში გადაეყვანა, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება მიიღო. უბრალოდ აქ საუბარია იმაზე რომ, როდესაც რაღაც ნებაყოფლობითია და ამასთანავე გამოწვევები აქვს , მე ასე ვიტყოდი, დაინტერესება მეტ-ნაკლები იყო. კერძო სექტორს ყოველთვის პირდაპირი სახით მოლაპარაკებები ურჩევნია, იმიტომ, რომ პირდაპირი სახით მოლაპარაკებები ორმხრივ ხელშეკრულებებს ეფუძნება, სადაც კონკრეტული უფლება-მოვალეობებია გაწერილი. ბირჟა კი თავის თავში ნიშნავს გამჭვირვალობას, კონკურენტუნარიან ფასს, ობიექტურობას, სამართლიანობას და ა.შ. ეს ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება იმისათვის, რომ ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს. ჩვენ ამის გარეშე პროგრესს ვერ განვიცდით, მაგრამ აქ რამდენიმე მიმართულებით გამოწვევებს წავაწყდით. ეს იყო შემდეგი: ვინ იქნება პასუხისმგებელი უბალანსობაზე. რას გულისხმობს უბალანსობა – როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მე ამა და ამ რაოდენობის ელექტროენერგიას შევისყიდი , პროგნოზს აკეთებს და შემდეგ უკვე ეს პროგნოზი ვერ მართლდება. რა თქმა უნდა, აქ უკვე კითხვა ისმის, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი ამ დანახარჯზე. ზოგადად, ამ დროს ჩვენ გვყავს “ესკო”, ანუ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, რომელიც ამ ნაწილში ძალიან აქტიურია, ანუ დღეს ასე რეგულირდება. რა თქმა უნდა, ამ დროს კონტრ კითხვა წარმოიშვა, თუ ეს გადასახადი კერძო სექტორის მხარეს იქნება, მაშინ ძალიან მაღალი იქნება იმის ალბათობა, რომ კომპანიებს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნათ , ვინაიდან პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია. გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური თვალსაზრისით ჩვენ მონაცემთა ბაზის მოგროვებასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი სირთულე გვაქვს, პროგნოზების გაკეთება ისეთ გადახრას იწვევს , როგორიც 20-25%-იანი ვოლატილობაა. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, დაახლოებით, 3-5%-იანია ნორმალურია. ჩვენ ამ დროს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია დავიწყეთ, მაგრამ საკმარისი ვერ აღმოჩნდა და ამას ხელშეწყობა საკმაოდ სწრაფი ტემპებით სჭირდება.

დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. დღეს, ბირჟა უკვე თავის აქტიურ ფაზაში უნდა შესულიყო, თუმცა, ორი დღის წინ გამოცემული იქნა ახალი დადგენილება, რომლის საფუძველზეც ორი წლით გადავადდა. ამ დადგენილებაში ძალიან მნიშვნელოვან რამეზეა გამახვილებული ყურადღება, რითაც ის წინა სხვა დადგენილებისგან განსხვავდება. აქ არის საუბარი იმაზე, თუ ვისი პასუხისმგებლობა იქნება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა 2027წლის პირველ ივლისამდე და 2027 წლის პირველ ივლისს ბირჟა უკვე გაიხსნება [სრულად]. აქ საუბარია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პასუხისმგებლობაზე, ბაზრის ოპერატორის პასუხისმგებლობაზე, ჩამოთვლილი არის კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულების შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება, ბირჟა იმ ფორმით ამუშავდეს, რომელი ფორმითაც ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაა საჭირო. ეს რამდენიმე გვერდიანი დოკუმენტია, უბრალოდ, ამას სერიოზული მონიტორინგი სჭირდება, თუ რამდენად სრულდება იქ მოცემული კონკრეტული ტექნიკური დავალება, მათ შორის, ბაზების შექმნა, შესაბამისი პლატფორმების ამუშავება, ამასთანავე, იქ საუბარია უბალანსობაზე , როგორ უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა, რა დროში უნდა მოხდეს და ა.შ. ერთი წლის წინ რა გამოწვევებზეც ვსაუბრობდით, დღეს ზუსტად იგივე გამოწვევებია. კერძო სექტორს იმის განცდა გვქონდა , რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ეს გამოწვევები გადაჭრილი იქნებოდა. ვინაიდან ამ პრობლემების მოგვარება ვერ მოხდა, რა თქმა უნდა, კერძო სექტორისთვის მისაღებია ის, რომ ბირჟის სრულყოფილად გახსნის გადავადება ორი წლით მოხდა. ეს კომპანიებს კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას, რომ თავიანთი შესაძლებლობები სატესტო რეჟიმში ნახონ, თუ სად არის რისკები, სად არის გამოწვევები და უკვე ორი წლის შემდეგ ვაჭრობასთან მიმართებით გაცილებით უფრო თამამები იქნებიან”, – განაცხადა მაია მელიქიძემ.

მაია მელიქიძემ იმ ტენდენციებზე ისაუბრა, რაც 1 წლის განმავლობაში ენერგეტიკულ ბირჟაზეა.

“ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო თვეები, როდესაც საერთოდ არ იყო ტრანზაქცია და ყველაზე კარგი მაჩვენებელი სადღაც მარტი – აპრილის თვეში დაფიქსირდა. მარტი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მარტი – აპრილი წყალუხვი პერიოდია , ანუ ელექტროენერგიის გენერაცია, წარმოება დიდი დოზით მოხდა, ამიტომ ეს კომპანიები ბაზარზე შევიდნენ. ერთია, რომ გაყიდეს ის, რაზეც ორმხრივი ხელშეკრულებით ჰქონდათ ნაკისრი ვალდებულება და რაც დარჩათ, ის უკვე ბირჟაზე გაიტანეს. ფასი გადასარევი, არაჩვეულებრივი იყო , იმაზე უფრო ნაკლები, ვიდრე ზოგადად დადგენილი ფასია. ზოგადად, წმინდა პროდუქტის ფასი სადღაც 15 თეთრი იყო, ამ დროს სადღაც 12 თეთრამდე ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, , შეიძლება, სამ თეთრიანი განსხვავება ისე არ ჟღერდეს, მაგრამ დიდ მოცულობაზე კომპანიებს ეს სერიოზულ ეკონომიას აძლევს. რაც შეეხება ასოციაციის წევრებს – მათგან მხოლოდ რამდენიმეა დარეგისტრირებული, ამ პროცესთან მიმართებით სრულად დაინტერესება მაინცდამაინც მყარი არ იყო. რა თქმა უნდა, უნდა დარეგისტრირდნენ, აუცილებლად აქტიურობისკენ მოვუწოდებ, მაგრამ, ეს აქტიურობა ისეთი ვერ იქნება, რომ მათ ზარალი მიიღონ. ზარალიან გარიგებაზე არცერთი ბიზნესი არ დათანხმდება. მით უმეტეს, როცა წინასწარ იციან, რომ ეს მოხდება. ყველაზე მთავარია ის დადგენილება , რომელიც მიღებულია და რა პუნქტებიც იქ არის ჩამოწერილი, აუცილებლად უნდა შესრულდეს. მე დიდი იმედი მაქვს , რომ საქართველოს მთავრობა ენერგეტიკის სექტორის განვითარებაზე მაქსიმალურ მონიტორინგს უზრუნველყოფს და მაქსიმალურად შეეცდება, რომ უკომპრომისო იყოს, ხელი შეუწყოს გენერაციის ობიექტების მშენებლობას. იმ ინვესტორებს, მათ შორის, ქართველებს, რომლებიც მზად არიან, რომ ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებში ინვესტიცია ჩადონ, მივცეთ შესაძლებლობა, დავეხმაროთ და ბიუროკრატია შევამციროთ. ყველაზე დიდ დარტყმას ისინი ახლა ბიუროკრატიისგან იღებენ, ბევრი პროცედურა დროში ძალიან იწელება, იმას, რასაც ექვსი თვე სჭირდება, ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით წელიწად-ნახევარი სჭირდება. ეს ძალიან დიდი დროა, ამდენი დრო არ გვაქვს. ენერგეტიკული ბირჟა გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი, სამართლიანი პლატფორმაა, სადაც მოთხოვნა – მიწოდების საფუძველზე ფორმირდება ფასი და აღარ იქნება კონსპირაციის თეორიისთვის დარჩენილი სივრცე, ვინ უფრო უკეთესია, რომელი ინვესტორი უფრო სახარბიელოა, ასეთი კითხვები უკვე აღარ იქნება. დღეს თუ არსებობს გარკვეული კითხვები გაფორმებულ შეთანხმებებთან დაკავშირებით, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, ბირჟა ამის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ამას ინვესტორები ელიან და თამაშის წესები ყველასთვის თანაბარი იქნება” – განაცხადა მაია მელიქიძემ.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ბირჟამ თავისი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღოს, საქართველოს იმაზე მეტი ელექტროენერგია უნდა ჰქონდეს, ვიდრე
სჭირდება. როგორც მელიქიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება.

” ერთი თემაა, რაზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო. ჩვენ არ ვართ თვითკმარი ქვეყანა. იმისათვის, რომ ბირჟამ თავისი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღოს, ჩვენ უნდა გვქონდეს იმაზე მეტი ელექტროენერგია, ვიდრე გვჭირდება. ანუ, მეტს უნდა ვაწარმოებდეთ იმისათვის, რომ ფასი ადეკვატური იყოს. ეკონომიკის პრინციპებია, თქვენც ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ მოთხოვნა – მიწოდების დროს თუ პროდუქტი დეფიციტურია, ფასი ყოველთვის მაღალი იქნება , როდესაც პროდუქტი მეტი იქნება, ბუნებრივია ფასი გაცილებით უფრო სახარბიელო იქნება. ჩემი გადმოსახედიდან ეს უფრო მეტ სირთულეებს ქმნის, რადგან ვადა ძალიან ცოტაა, ვიდრე, ვთქვათ, ის ტექნიკური ნაწილები, რომელზეც იმ დადგენილებაშია ყურადღება გამახვილებული. ჩვენ შარშან ქსელში 50 მეგავატის შეყვანა შევძელით, სინამდვილეში გაცილებით უფრო მეტი გვჭირდება. რაც  დრო გადის, მოხმარება იზრდება, წლიდან წლამდე 3-5%-იანი ზრდა გვაქვს. კარგად ხედავთ, რამდენად მაღალია დეველოპერული კომპანიების აქტიურობა, ძალიან ბევრი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გვხვდება, მათ შორის კერძო სახლებიც, ამას ელექტრომობილები ემატება, ამასთანავე ადამიანის ცხოვრების დონის ზრდა ხდება, კონდიცირებას ვგულისხმობ. როდესაც კვლევა გამოვითხოვეთ, კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ დაახლოებით, სამი წლის წინ 70 000 ახალი კონდენციონერი დამონტაჟდა, ამ სამი წლის განმავლობაში ახალმა დამონტაჟებულმა კონდენციონერების რაოდენობამ 180 000-ს გადააჭარბა. ეს კიდევ დამატებით ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. ეს ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან კარგია, რადგან ცხოვრება მარტივდება. ყველა ტექნოლოგიას ელექტროენერგია სჭირდება. ამას მეტი ელექტროენერგიის გენერაცია სჭირდება. ბოლოს სტატისტიკა რომ ნახოთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაახლოებით 435 პროექტი შევიდა. პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ხელშეკრულებათა გაფორმების შესაძლებლობა 28 თებერვალს დასრულდა. 11 200 მეგავატზე გაკეთდა განაცხადი, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთლიანი დადგმული სიმძლავრე 4 600 მეგავატია. 11 200-ში 6 000 მეგავატი იყო მზე, 4000 მეგავატი ქარი, ძალიან ცოტაა ჰიდრო და ეს ძალიან საწყენია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მზე და ქარი, შეიძლება, როგორც დამხმარე საშუალებებად განვიხილოთ, ისინი ვერასდროს ჩაანაცვლებს ჰიდროს. ჰიდრო ჰაერივით გვჭირდება. ამიტომ დასანანია, რომ ინვესტორებმა დაკარგეს ნდობა, სურვილი იმისა, რომ ინვესტირება ჰიდროში მოახდინონ. მათ თავიანთი პოლიტიკა შეცვალეს და მაქსიმალურად ქარსა და მზეზე გადმოერთნენ. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია , პირიქით მშვენიერია. ჩვენ ქვეყანას ამ ნაწილში პოტენციალი აქვს და ეს ასათვისებელია , მაგრამ ის პრობლემები, რომლებიც ჰიდროს მიმართულებით გვაქვს, აუცილებლად გამოსასწორებელია. ნამოხვანი, ნენსკრა, ხუდონი უნდა აშენდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ოპერირება გაგვიჭირდება. 1978 წელს “ენგურჰესი” აშენდა და დადგმული სიმძლავრე 1 300 მეგვატი იყო,  მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირში კი არა, მთელს მსოფლიოში შევედა ხუთ ქვეყანას შორის, რომელმაც ამხელა ჰიდროელექტროსადგურის აშენება შეძლო. ამ სამივე ჰიდროელექტროსადგურის, რომელიც მე ჩამოვთვალე, ნამოხვანის, ნენსკრას და ხუდონის, დადგმული სიმძლავრე ჯამში 1 417მეგავატია, ოდნავ მეტი, ვიდრე ენგურის გამომუშავება. ამიტომ, დასანანია, რომ ჩვენ ამ ნაწილში ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა გვიწევს, რადგან ეს გვჭირდება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანად ჩამოვყალიბდებით.

ჩვენ ახლა ვცდილობთ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ავაშენოთ. ამ თემასაც მინდა, შევეხო, იმიტომ, რომ ძალიან კრიტიკულია, ამით ევროპას ვუკავშირდებით. ჩვენს ქვეყანაში ნაწარმოები პროდუქტი სამჯერ, ოთხჯერ, პერიოდულად ხუთჯერ, უფრო იაფია, ვიდრე იგივე პროდუქტი , რომელიც ევროპაში , იყიდება. ევროპულ ქვეყნებში ელექტროენერგია საკმაოდ ძვირია, რადგან მათ იმის რესურსი არა აქვთ, რომ აგენერირონ. შესაბამისად, დაგვთანხმდნენ და მზად არიან, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი აშენდეს . ამაში ოთხი ქვეყანაა ჩართული, საქართველო და ეს წმინდა ქართული პროექტია, ქართველის მიერ ინიციირებული და შექმნილი , აზერბაიჯანი, რომელიც სასწაულად აქტიურია ამ პროცესში, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიწყო განახლებადი ენერგოწყაროებისგან ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობა ქარით, მზით, წყალი არა აქვს. გაზი აქვს, მაგრამ ევროპამ უთხრა, რომ გაზისგან ნაწარმოებ ელექტროენერგიას არ მივიღებთო. იქითა მხარეს აქტიურია რუმინეთი და განსაკუთრებით უნგრეთი. მე უბრალოდ ერთი რაღაცის მეშინია, მაშინ როდესაც ეს პროექტი გაეშვება , საუბარია 2030-დან 35 წლამდე პერიოდზე, , ისე არ მოგვივიდეს, რომ აზერბაიჯანის გამტარ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, ანუ სატრანზიტო ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ და ჩვენი ვერაფერი გავყიდოთ, იმიტომ, რომ ჩვენი არ გვქონდეს, თვითკმარი არ ვიყოთ. ამ დროს აზერბაიჯანმა მოახდინოს ტრანზიტი, თავისი პროდუქტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გაატაროს, საკმაოდ სარფიანად გაყიდოს, თავის ქვეყანას ფინანსურად ეკონომიკური დოვლათი მოუტანოს. თქვენ რომ სტატისტიკა ნახოთ, წლიდან წლამდე ათეულობით მილიონი დოლარი გადის ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ჩვენ ელექტროენერგიას ვყიდულობთ. ჩვენ ელექტროენერგია პიკურ პერიოდებში არ შემოგვქონდა, პიკურ პერიოდებს კარგი გაგებით ვამბობ. წყალი ბევრი გვაქვს. აპრილი – მაისი – ივნისის პერიოდში მაღალი მთებში დნობა ბევრია, მდინარეებში წყალი მოედინება და მოდინებაზე მომუშავე ჰესები, რეზერვუარიანი ჰესები ელექტროენერგიას ძალიან აქტიურად აგენერირებენ, მაგრამ უკვე ესეც აღარ გვყოფნის. წელს პირველად შევამჩნიეთ, რომ ისიც კი აღარ გვყოფნის, ამიტომ დამგროვლებლებიც გვჭირდება. როდესაც როგორმე ამ ყველაფერს ავაშენებთ, ეს სადღაც უნდა დავაგროვოთ, რათა ზამთარში გამოვიყენოთ. ზამთარში ყოველთვის სირთულე გვაქვს ხოლმე , რადგან მდინარეები იყინება, ელექტროენერგიას ვერ ვაგენერირებთ, ამ დროს ბატარეა უნდა გვქონდეს. დღეს, მაგალითად, ერთადერთი ბატარეის მშენებლობაზეა საუბარი, იმასაც “აზიის განვითარების ბანკი” აფინანსებს. ესაა “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დახმარებით, ოღონდ ეს 200 -მეგავატიანია. რა დროს გამოვიყენებთ? ჩვენ გვაქვს ხოლმე პერიოდი, როდესაც ქვეყანა ითიშება, ამ დროს უნდა მუშაობდეს მეტრო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილები , მათ შორის, საავადმყოფოები და ე ს ჯერჯერობით, მხოლოდ მათთვის იქნება. მომავალში ბატარეები აუცილებლად დაგვჭირდება”- განაცხადა მაია მელიქიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები