მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, ყველა ის პროგრამა, რომლის დანიშნულებაც არის ადამიანის განკურნება, ფუნქციურად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და პირიქით, არსებობს დიდი ინტერესი, რომ არც არავინ დაეხსნას ნარკოტიკს
სამწუხაროდ, ყველა ის პროგრამა, რომელიც მოწოდებულია და რომლის დანიშნულებაც არის, რომ განიკურნოს ადამიანი, ფუნქციურად ასრულებს თავის მოვალეობას და რეალურად არამცთუ არა ქმედითია, არამედ პირიქით, არსებობს დიდი ინტერესი, რომ არც არავინ დაეხსნას ნარკოტიკს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მინისტრმა ისაუბრა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე.
„ერთ-ერთი მთავარი, რაც აქ უნდა აღინიშნოს, არის ინფორმაციის დეფიციტი; „ფარას“ კანონის არ იყოს, აქაც სამწუხაროდ საკმაოდ დიდია ინტერესი, რომ გარკვეული გარემოებები ბუნდოვანებით იყოს მოცული. მაგალითად კონკრეტული ბენეფიციარი რა რაოდენობას მოიხმარს, როგორ მოიხმარს, რამდენად სწორად მოიხმარს, რამდენად ეფექტიანია მკურნალობა, სამწუხაროდ, ამის თაობაზე ინფორმაციას კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრები [სახელმწიფოს არ აწვდიან]. სამწუხაროდ, ამ დრომდე ეს ინფორმაცია სახელმწიფოსთვის ხელმიუწვდომელია, თუმცა ამაზე იყო ზუსტად კანონი, რომელიც მიღებულია – ერთ-ერთი მისი მთავარი ფრაგმენტი სწორედ ეს გახლავთ და ეს ვითარება შეიცვლება ძალიან მალე.
მეორე: იმდენი ფაქტია ამასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ შეიძლება მოწმობდეს ავად მოხმარების ფაქტებზე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლემას დიდი მასშტაბი აქვს. სამწუხაროდ, ყველა ის პროგრამა, რომელიც მოწოდებულია და რომლის დანიშნულებაც არის განიკურნოს ადამიანი, ფუნქციურად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და რეალურად არამცთუ არა ქმედითია, არამედ პირიქით, არსებობს დიდი ინტერესი, რომ არც არავინ დაეხსნას ნარკოტიკს და პირიქით, ეს გრძელდებოდეს, იმიტომ, რომ რჩებოდეს მომხმარებლად იმ კომერციული ინდუსტრიისა, რომლის მიზანიც არის რაც შეიძლება მეტი ნარკოტიკული საშუალება შემოდიოდეს ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი იყიდებოდეს და რაც შეიძლება მეტად ძვირად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.