ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობის კანონი სრულად შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს; მზად ვართ, დისკუსია წარვმართოთ ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს

გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს. მზად ვართ, დისკუსია წარვმართოთ ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენი მიდგომა, ჩვენი პოზიციები მყარია. ეს კანონი ძალიან მოკლეა და ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. ვერავინ იტყვის, რომ ფინანსების გასაჯაროება, შეიძლება უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. რაიმეს არასწორად თუ ვამბობ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გახსნილები ვართ დისკუსიისთვის, შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიაორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება.

გამომდინარე აქედან, შესაბამისი დისკუსია თუ წარიმართება, რაც პირველ წელს ამ კანონის პირველი განხილვისას არ მომხდარა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება. გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ წყობაში ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები