რატი იონათამიშვილი: რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამებისთვის 17 მლნ იყო ბიუჯეტი, ახლა 77-ია, 2012-ში გვყავდა მხოლოდ 3 პარაათლეტი და ვავითარებდით პარასპორტის 2 სახეობას, დღეს გვყავს 300-ზე მეტი პარაათლეტი და ვავითარებთ 15 სახეობას

დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი სახელმწიფოსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ვინაიდან, 2014 წლის 12 აპრილს ძალაში შევიდა შშმ პირთა უფლებების კონვენცია, რომელიც 2013 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირდა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელსაც წინ შშმ პირთა წარმომადგენელი ორგანიზაციების ადვოკატირების მრავალწლიანი პროცესი ედგა, მაგრამ უშედეგოდ, ვინაიდან, მაშინდელი ხელისუფლება სასტიკ უარს ამბობდა გაეროს კონვენციის რატიფიცირებაზე.

„ეს დღემდე ძალიან ცუდად გვახსოვს, მაგრამ ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ გამოჩნდა პოლიტიკურ ველზე, სადაც საარჩევნო პროგრამაში უკვე აისახა, რომ ერთ-ერთი პირველი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გააკეთებდა და გადადგამდა ნაბიჯს შშმ პირთა მიმართულებით, ეს იქნებოდა გაეროს კონვენციის რატიფიცირება და მართლაც, ერთი წლის თავზე უკვე ყველა პროცედურა იყო მაშინ დამთავრებული, პარლამენტმა უყარა კენჭი, ხოლო უკვე 12 აპრილიდან, როგორც მოგახსენეთ, ზუსტად ათი წელი გავიდა დღეს, ძალაში შევიდა ჩვენს ქვეყანაში ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელსაც შშმ პირთა საერთაშორისო კონსტიტუციასაც კი ვუწოდებთ.

ამის შემდეგ, ვფიქრობ, რომ საკითხები რადიკალურად შეიცვალა ბევრი მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში. ამასაც, თქვენის ნებართვით, საზოგადოების ინფორმირებულობისთვის გავუსვამ ხაზს. კერძოდ, საკანონმდებლო შემოქმედებითი საქმიანობა იყო პროაქტიული. რამდენიმე საკითხს გამოვყოფ, ეს იყო ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელსაც უმაღლესი შეფასება აქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და გაეროს კომიტეტის მხრიდან და არაერთი ქვეყანა მოგვმართავს თხოვნით, რომ გავუზიაროთ გამოცდილება. ასევე, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატიური ოქმის რატიფიცირება, მისაწვდომობის ჩასწორებები, რასაც მოჰყვა მისაწვდომობის ახალი ეროვნული სტანდარტების დამტკიცება მთავრობის მიერ გარდამავალი დებულების საფუძველზე და ამით უკვე უნივერსალური დიზაინის პრინციპებით ხდება ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების გატარება. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის პროგრესი და წინსვლა, რაც გვაქვს სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის პროგრამაში, რომელიც აერთიანებს იმ ქვეპროგრამებს, რომლებიც უშუალოდ მიდის შშმ პირთა ოჯახებამდე, თვითონ შშმ პირებამდე. ეს იქნება ეტლებით უზრუნველყოფის, ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის, ადრეული განვითარების, დღის ცენტრების, დეინსტიტუციონალიზაციისა თუ სხვა მიმართულებები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამის ბიუჯეტი იყო 17 მილიონი და დღეს უკვე არის 77 მილიონი, აჩვენებს იმ პროგრესს, რაც მოხდა და პლუს ამას, დიდი ხნის განმავლობაში იყო ხოლმე სულ ბჭობა იმაზე, რომ პენსიები ადეკვატურად გაზრდოდათ სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირებს. ამ მხრივ, გვქონდა როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი გამოცდილება ჩვენც, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს მივიღეთ ინდექსაცია სოციალური პაკეტის და უკვე კანონისმიერი ვალდებულება გახდა ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური პაკეტის გაზრდა ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის.

ბოლოს, მინდა მივესალმო ჩვენს სასახელო პარაათლეტებს. ეს არის 2024 წელი, ანუ, ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების წელია და დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიული შედეგის მომცემი იქნება. აქაც, 2012 წლისთვის ჩვენ გვყავდა მხოლოდ სამი პარაათლეტი და ვავითარებდით პარასპორტის ორ სახეობას, დღეს, ჩვენს ქვეყანაში გვყავს 300-ზე მეტი პარაათლეტი, ვავითარებთ 15 სახეობას და პარიზის ზაფხულის თამაშებისთვის დაგეგმილია ისტორიული მონაწილეობით, ანუ, 17 პარაათლეტის გამგზავრება. მინდა წარმატება ვუსურვო მათ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები