„ოსკაროსანი” ფილმის მონაწილე პირველი ქართველი მსახიობი, გიული ჭოხონელიძე 95 წლის გახდებოდა

„ოსკაროსანი” ფილმის მონაწილე პირველი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, გიული ჭოხონელიძე დღეს 95 წლის გახდებოდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს გიული ჭოხონელიძის ნათელ ხსოვნას და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილ მის წვლილს.
„გიული ჭოხონელიძე დაიბადა 1929 წლის 10 აპრილს თბილისში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. ერთი წელი სწავლობდა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო). 1953-1958 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1952 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. სტუდენტობის წლებს უკავშირდება პირველი კინოროლები: რიგითი აბულაძე („ვემსახურები საბჭოთა კავშირს“, 1952, რუსეთი), ჰაიდუკი („ანდრიეში“, ს. ფარაჯანოვი, 1954, უკრაინა).
გიული ჭოხონელიძემ სამსახიობო კარიერის განმავლობაში 60-ამდე როლი განასახიერა. მათი უმეტესობა მთავარი როლი იყო. აქტიურად მონაწილეობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სტუდიის ფილმებშიც. განასახიერა როლები: სანდრო („მოგზაურობა ახალგაზრდობაში“, 1956, უკრაინა), მეზღვაური ჯავახია („განსაკუთრებული შემთხვევა“, 1958, რუსეთი), იბრაჰიმი („ფატიმა”, ს. დოლიძე, 1958), ქურდი („დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, ს. დოლიძე, 1959), ბაირამი („დილა“, 1960, აზერბაიჯანი), ამბაკო („თავადის ქალი მაია“, ნოველა კინოალმანახში „ერთი ცის ქვეშ”, ლ. ღოღობერიძე, 1961), გიორგი („ჩვენი ქუჩა“, 1961, აზერბაიჯანი), ისმაილი („ცხოვრება გვასწავლის“, 1962, აზერბაიჯანი), გოგია („შეხვედრა წარსულთან”, ს. დოლიძე, 1966), პოლკოვნიკი („უყაიმო თამაში“, ი. ქავთარაძე, 1966), ავალიანი („ღამის ვიზიტი“, ნ. სანიშვილი, 1974), ხუანი („ღამე ჩილეზე“, ს. ალარკონი, ა. კოსარევი, 1977) და სხვა.
1965-1967 წლებში გიული ჭოხონელიძე კინოსტუდია „მოსფილმმა” მიიწვია ფილმში „ომი და მშვიდობა” ერთ-ერთი მთავარი როლის – პეტრე ბაგრატიონის განსასახიერებლად. 1968 წელს ეს ფილმი ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, „ოსკარის”, მფლობელი გახდა. გიული ჭოხონელიძე პირველი ქართველია, რომელიც „ოსკაროსან” ფილმში მონაწილეობს.
გიული ჭოხონელიძემ, როგორც რეჟისორმა, ექვსი ფილმი გადაიღო: მოკლემეტრაჟიანი ფილმები „ქოჩორა” (ა. ბელიაშვილის მოთხრობის მიხედვით, 1967, აქვე შეასრულა სევასტის როლი) და „გაზაფხულის საღამო” (სატელევიზიო ფილმი, 1972) და ოთხი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: „წინაპართა მიწა” (გ. ლორთქიფანიძესთან ერთად, 1979, აქვე განასახიერა ბეთქილი), „ბაგრატიონი” (ყ. მგელაძესთან ერთად, 1985, განასახიერა პეტრე ბაგრატიონი), „სპირალი” (1990, განასახიერა ზურაბ თორაძე) და „ანთიმოზ ივერიელი” (2001, განასახიერა ანთიმოზ ივერიელი). მის ფილმებს სხვადასხვა ფესტივალზე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.
გიული ჭოხონელიძე სცენარის ავტორია ფილმებისა – „ქოჩორა” (1967) და „ბაგრატიონი” (1985).
გიული ჭოხონელიძეს 1983 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება, 1999 წელს კი ქართული კინოხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის გადაეცა ღირსების ორდენი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები