„საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე“- გამოფენა გაიხსნება
10 აპრილს, 23 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე” გაიხსნება, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ რეფლექსიას საბჭოთა წყობის კრიტიკულ-ობიექტურ ასახვაზე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენის მიზანია, საზოგადოებას აუმაღლდეს ცნობიერება საბჭოთა წარსულზე და, კრიტიკული თვალით, კიდევ ერთხელ გადააფასოს თითქოს დავიწყებული 70 წელი, რომლის დაღი საქართველოს დღემდე მოჰყვება.
„ექსპოზიცია საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიის გადააზრების ერთგვარი მცდელობაა (1921 წლის 15 თებერვლიდან 1989 წლის 9 აპრილამდე). საბჭოთა პერიოდი უმთავრესად პოსტსაბჭოთა თაობებისთვის და, არა მხოლოდ, ასოცირდება სენსიტიურ, პირად თუ მოწყვლად შრეებთან. გამომდინარე აქედან, მოხდა ამ ისტორიული ფენომენის ერთგვარი უკუგდება, დაემსგავსა „განდევნილ შინაარსს“. ამ გამოფენის მთავარი იდეაა, ვისაუბროთ საბჭოთა მემკვიდრეობაზე.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც თავი მოუყარა საბჭოთა ხელოვნების მეორე ფაზას (დათბობის პერიოდს).
ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები არასტანდარტულ წარმოდგენას გვიქმნის საბჭოთა წყობაზე. მუზეუმის კოლექციიდან გამომდინარე, იკვრება ქრონოლოგიური თხრობა შემდეგი განსხვავებული მხატვრებითა და აქცენტებით:
1. მეტ-ნაკლებად, სოცრეალისტურ ტრადიციებს ინარჩუნებს: ქეთევან მაღალაშვილი.
2. დათბობის პერიოდის შემდეგ, „ფერის ზეიმის“ მხატვრებიდან სოცრეალისტური სკოლა სრულად უკუაგდო და ჩაანაცვლა ევროპულით – ჯიბსონ ხუნდაძემ.
3. დავით კაკაბაძის შემდეგ, აკრძალული აბსტრაქტული მხატვრობა, ანუ ფორმალიზმი ქართულ მხატვრობაში შემოიტანა შურა ბანძელაძემ.
4. საბჭოთა იდეოლოგიასთან კონფლიქტში მყოფი არტისტები, რომლებსაც ნონკონფორმისტებად მოიხსენიებენ, არიან: თემო ჯაფარიძე, ოთარ ჩხარტიშვილი, სერგო ფარაჯანოვი და ვოვა კანდელაკი.
5. ეროვნულ-რელიგიურ მოტივებზე შექმნილი ნამუშევრებით საბჭოთა წყობას უპირისპირდება 1980-იანელთა თაობის ორი მხატვარი: ლევან ჭოღოშვილი და ირაკლი ფარჯიანი.
6. საბჭოთა ყოფის ერთგვარი პოსტსაბჭოთა ანალიზი წარმოდგენილია ორი მხატვრის ნამუშევრებით, ესენი არიან: ოლეგ ტიმჩენკო და ტატო ახალკაციშვილი.
ყველა თაობის თუ ხედვის არტისტის ერთ ჯგუფურ გამოფენაში თავმოყრით, უფრო თვალსაჩინო ხდება, როგორი განწირული იყო საბჭოთა კავშირი ჩამოშლისთვის ყოველ ათწლეულში. ამ მძიმე ეპოქის ისტორიული წერტილი კი 9 აპრილმა დასვა.
საბჭოთა დროის მუხტის შეგრძნებას აძლიერებს გამოფენის კონცეპტუალური მხარე – კონტრასტული ვიზუალური აქცენტი საბჭოთა ბელადზე – ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ლენინის არაიდენტიფიცირებული ბიუსტი.
საბჭოთა სიმბოლიკა – საკულტო ბიუსტი ამ გამოფენაზე გარდაიქმნება „ისტორიულ ფრაგმენტად“. საბჭოთა სკულპტურა საგამოფენო დარბაზის ცენტრშია – თითქოს ავთენტურმა ბიუსტმა თავად უნდა შეაფასოს კრიტიკული პოზიციიდან ისტორია“, – ნათქვამია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.