რა არის სალმონელოზი, რა საფრთხეს უქმნის ადამიანს და როგორ ავიცილოთ თავიდან   –  FAO-ს წარმომადგენლის განმარტება

რა  დაავადებაა სალმონელოზი, რა სიმპტომები ახასიათებს  და რა გზით შეიძლება, დაემართოს ადამიანს – ამ საკითხების შესახებ განმარტება „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პროექტის მენეჯერმა,  ვეტერინარმა მიხეილ  სოხაძემ მედიაჰოლდინგ კვირასპრესკლუბში სტუმრობისას  გააკეთა.

მისი თქმით, სალმონელას  გავრცელების ერთ-ერთი უმთავრესი  წყარო  ჰიგიენური პირობების დაუცველობაა, ასევე, მისი გავრცელება    ხდება მაშინ, როცა  ხორცი  თერმულად ბოლომდე არაა    დამუშავებული,  არასრულადაა შემწვარი ან  მოხარშული.

“სალმონელოზი ზოონოზური ინფექციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ცხოველიდან ადამიანზე გადადის. ძირითადი რეზერვუარი ცხოველები არიან.  მათი ექსკრემენტებით, გამონაყოფით  სალმონელები ბუნებაში ხვდებიან.  ამ კუთხით შინაური  ბინადარი ცხოველებიც საშიშები არიან, შეიძლება,  სალმონელას მატარებლები იყვნენ.  როგორც გითხარით, სალმონელა  გარემოში ცხოველების მიერ გამოიყოფა.  სალმონელოზის კონტროლი პირველადი წარმოებიდან იწყება.  დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ფერმაში  ამას ყურადღება  მიექცეს. ეს საკმაოდ მზაკვარი დაავადებაა.  მოგეხსენებათ კონცეპტი, რომელსაც სახელმწიფო კონტროლი ჰქვია, ფერმიდან სუფრამდე, საკმაოდ გრძელი ჯაჭვია:   პირველადი წარმოება, ცხოველის საკვები, ცხოველის გაზრდა, ტრანსპორტირება, სასაკლაოზე დაკვლა, შემდეგ ამ ხორცის დაფასოება, რაღაც ადგილამდე მიტანა, შემდეგ იქ დამატებითი მანიპულაციები,  შემდეგ ეს ჩვენს სუფრაზე ხვდება. მთელი ამ ჯაჭვის განმავლობაში სალმონელა პროდუქტს შეიძლება, თავიდან ბოლომდე გაჰყვეს, მეტსაც გეტყვით, ამ ჯაჭვში ნებისმიერ რგოლში  შეიძლება, გაჩნდეს კიდევაც. ეს საკმაოდ მძიმე და გარემო პირობებს ძალიან კარგად მორგებული ბაქტერიაა. შესაბამისად,  დაინფიცირების თავიდან ასარიდებლად დიდი სიფრთხილეა   საჭირო.   სალმონელოზი დედამიწაზე საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. მეტ-ნაკლებად,  ყველა ქვეყანაშია. მაგალითად, აშშ-ში ამით    ყოველწლიურად დაახლოებით 500-მდე ადამიანი იღუპება.  ასეთი სტატისტიკა არსებობს, რომ  დაავადების შემთხვევების 80 %   ყურადღების გარეშე რჩება, ადამიანები,  ძირითადად,  ამაზე არ საუბრობენ, რადგან მარტივად გადააქვთ. თუმცა, ბავშვებზე, ასევე  მათზე,  ვისაც  იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული,    მძიმედ  მოქმედებს და ლეტალურ  შედეგამდეც კი მიდის ხოლმე.

რაც შეეხება  ბოლო დღეებში დაავადების დადასტურებული შემთხვევის შესახებ  გავრცელებულ ინფორმაციას,   საიდან შეიძლებოდა, ხორცი     დაინფიცირებულიყო. საქართველოში შაურმა,  ძირითადად,  შემოტანილი, გაყინული ხორცისგან მზადდება. სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის. აქ ნაკლებად მიმაჩნია,  რომ პრობლემა იყოს, რადგან, განვითარებული ინდუსტრიული ფერმებიდან შემოდის, რომლებიც  თავის პროდუქციის ექსპორტს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც აკეთებენ. შემდეგ  ტრანსპორტირება ხდება,   ფორმას იღებს, რომელიც წარმოებაში მიდის,  შემდეგ  კი   მისი რეალიზაცია ხდება.  ამ ჯაჭვში მგონია, რომ ყველაზე მეტად  ყურადღება მისაქცევი ბოლო პროცესია, რადგან  აქ ადამიანური ფაქტორი ყველაზე მეტადაა გასათვალისწინებელი. იმ გარემოში, რომელშიც  სწრაფი მომსახურების ობიექტები მუშაობენ, წარმოება არათანაბარი  სიხშირით  უწევთ ხოლმე. შეიძლება,  წარმოებული   პროდუქცია  დიდი ხნის განმავლობაში არ  იყოს მომზადებული და  კლიენტს ელოდებოდეს. ყველაზე მეტად დაბინძურების პირობა სწორედ ის გახლავთ, როდესაც   გარკვეული ტემპერატურული პირობების დროს პროდუქციის  ბაქტერიებისთვის  ძალიან ხელსაყრელ  პირობებში გაჩერება   ხდება და   უკვე რამდენიმე წუთში ამა თუ იმ ბაქტერიის, მათ შორის, სალმონელას, კონცენტრაცია  ადამიანისთვის საშიშ რაოდენობასა  აღწევს.    სალმონელას ერთ-ერთი უმთავრესი გავრცელების წყარო  ჰიგიენური პირობების დაუცველობა, მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობაა, ხშირად  დაავადების გავრცელების  მიზეზი  სწორედ ისინი არიან. გავრცელების მესამე პირობაა, როცა ხორცი  თერმულად ბოლომდე არაა    დამუშავებული,  არასრულადაა შემწვარი, ან  მოხარშული. კარგად  მოხარშულ ხორცში ბაქტერია  საკმაოდ ადვილად იღუპება.  საერთოდ,   შეწვის დროს ხორცის სიღრმეში ის ტემპერატურა  ვერ მიიღწევა, რაც  მოხარშვის დროს. მოხარშული ხორცის მიღებისას   უფრო დაცული ხარ,  ის  ნაკლებ სარისკოა.

არ მინდა,   მოსახლეობა შევაშინო,   დარწმუნებული ვარ  მწარმოებლებიც  ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ მოხდეს. მათ მეტი ყურადღების გამოჩენა მოუწევთ. ცხელი სეზონი იწყება, ბაქტერიებისა და სხვა პათოლოგიური მიკროორგანიზმებისთვის კარგი პერიოდი  დგება”, – განაცხადა მიხეილ სოხაძემ.

მისივე განმარტებით, დაავადების თავიდან ასაცილებლად  ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი   ჰიგიენური წესების დაცვაა.

“სალმონელასგან თავის დაცვის უმთავრესი და უპირველესი  გზა  ჰიგიენის ელემენტარული  წესების დაცვაა.

დაინფიცირება შესაძლებელია დაუბანელი ხელებით, წყლით, რომელიც არ ვიცით,  საიდანაა, ძირითადად,  ეს მაშინ ხდება,  როცა პიკნიკზე გავდივართ, შეიძლება,  ადამიანიც იყოს დაინფიცირებული და  არ იცოდეს.  ხშირად ხდება ისეც, რომ დაავადება    ფარულად მიმდინარეობს ხოლმე.  ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი   ჰიგიენური წესების დაცვაა.   მაგალითად,  ხორცს, მაიონეზს  თუ ვიყენებთ, იქ განსაკუთრებულად მკაცრი პირობები უნდა დავიცვათ.   საჭიროა ხელების ხშირად დაბანა, იმ ადგილის გასუფთავება, სადაც  დამზადების პროცედურა მიმდინარეობს.  ადამიანის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო, ქლორის შემცველი  ხსნარები არსებობს,  რითაც  დასუფთავება,   კონტროლი შეიძლება.

აუცილებელია ტემპერატურული  რეჟიმის  დაცვა, მაგალითად მაიონეზი, თუ სხვა სოუსი გარეთ   დიდ ხანს არ უნდა იყოს.  სჯობს,  მაცივრიდან პატარ-პატარა  ულუფებად გამოვიღოთ. მსგავს რაღაცებს ყურადღება უნდა მიექცეს.     აუცილებელია,  გავითვალისწინოთ, რომ ერთი ტილო არ იყოს გამოყენებული, დამზადების ადგილი ერთჯერადი ქაღალდით უნდა გაიწმინდოს.  როცა ხორცთან გვაქვს შეხება,  სასურველია , ხელთათმანები   გავიკეთოთ ხოლმე”, – განაცხადა სოხაძემ.

მანვე დაავადების სიმპტომების შესახებ ისაუბრა.

“დაავადებების დიდი  უმრავლესობა  ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ამ შემთხვევაში უმთავრესი ფაქტორია ის,     თუ რა კონცენტრაციით მიიღეთ  სალმონელა. თუ უმნიშვნელო რაოდენობაა, შეიძლება,  ადამიანმა ვერც ვერასდროს გაიგოს,   ორგანიზმმა ისე დაიცვას თავი, რომ მძიმე შედეგს ადგილი არ ჰქონდეს.  თუ ეს კონცენტრაცია მაღალია, მაშინ ადამიანს  პირველი სიმპტომი  6 საათიდან 72 საათის განმავლობაში ეწყება.  პირველ რიგში,   ეს ფაღარათია, ასევე, გულის რევა, თავბრუსხვევა. დაავადებულს შეუძლია,  კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს. შემდეგ ის შესაბამის გზას მისცემს. განსაკუთრებით  ზაფხულის ცხელ პერიოდში კუჭ-ნაწლავის დაავადებებეთან ხუმრობას არავის ვურჩევ.  აუცილებელია,  მსგავს შემთხვევაში  ყოველთვის ექიმს მიმართოთ.

დაავადების შემთხვევების  80-85 % – მდე  აღურიცხავი რჩება, რადგან ადამიანები შესაბამის უწყებებს არ აკითხავენ. ჩვენი სტატისტიკით,    წლის განმავლობაში  დაახლოებით,  100-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ეს მეტად ზაფხულის პერიოდს უკავშირდება”, – განაცხადა მიხეილ სოხაძემ.

ცნობისთვის,  რამდენიმე დღის წინ  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც,     თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან სააგენტომ  სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ შეტყობინება მიიღო.

“ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22).

ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „მადლი“ – საშაურმე “OK”, ს/კ 404581877) სახელმწიფო კონტროლი – არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს და აიღეს სურსათის ნიმუშები (შაურმა ღორის ხორცით, შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ღორის ხორცი, სალათის ფოთოლი, ქათმის ბარკალი და გაყინული ღორის ხორცი).

ლაბორატორიული კვლევის შედეგად შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი – Salmonella, ასევე Proteus spp (პროტეუსის ბაქტერია), კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები.

შპს „მადლს“ კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; ასევე დაევალა გენერალური რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, ინვენტარის ზედაპირებიდან ნიმუშების აღება და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა” – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები