“ცდილობენ, სომხეთი სამხედრო პლაცდარმად გადააქციონ, ეს ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თურქეთ-აზერბაიჯანული ერთობის გაძლიერება მნიშვნელოვანია, რადგან “მსოფლიოსა და სამხრეთ კავკასიაში დღეს განვითარებული მოვლენები საშიში გზით მიდის”.

ამის შესახებ მან ბაქოში განაცხადა, სადაც თურქეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, მევლუთ ჩავუშოღლუს უმასპინძლა.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებულმა სამომავლო გეგმებმა შესაძლოა, დიდი კატასტროფა გამოიწვიოს.

ბრიუსელში სომხეთის, აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის დღევანდელ სამმხრივ შეხვედრაზე საუბრისას, ალიევმა თქვა, რომ შეხვედრა აზერბაიჯანის და სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის წინააღმდეგ არის მიმართული.

“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში როგორც აშშ-ის, ისევე ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები, სატელეფონო საუბრების დროს, გვარწმუნებდნენ, რომ ეს შეხვედრა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული არ არის, ჩვენ ვიცით, რომ ეს აზერბაიჯანის და სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის წინააღმდეგ არის მიმართული. ამის მიზანია – ჩვენი ქვეყნის იზოლაცია და გამყოფი ხაზების შექმნა”,- თქვა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “ევროპარლამენტის, ევროპული საბჭოს ანტიაზერბაიჯანული განცხადებები, რომლებიც გასული წლის სექტემბრიდან კეთდება, ასევე,  სამხრეთ კავკასიაში სომხეთის სამხედრო პლაცდარმად გადაქცევა – ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს. ამიტომ გავაკეთეთ განცხადება, რომ გავაფრთხილოთ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები