„სამოყვარულო/ მუნიციპალური/ კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსში – „სამოყვარულო/ მუნიციპალური/ კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“ – გამარჯვებულები პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 100 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოში მოქმედი სამოყვარულო თეატრალური დასების პოპულარიზაციის, სტაბილური შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა, შემოქმედებით პროცესში სამოყვარულო დასების როლისა და მნიშვნელობის გაზრდა.
„კულტურის სამინისტროში შემოვიდა 26 საკონკურსო განაცხადი. გაიმარჯვა ცხრა პროექტმა, ესენია:
1. თეატრალური (შერეული თოჯინური) წარმოდგენა – ა(ა)იპ ჭიათურის კულტურის ცენტრი; ვაჟა-ფშაველას საბავშვო მოთხრობების მიხედვით კულტურის ცენტრთან არსებულ სამოყვარულო თეატრში დაიდგმება სპექტაკლი.
2. გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდის“ დადგმა – ა(ა)იპ ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.
3. სიღნაღის მუნიციპალური თეატრის განათების სისტემების განახლება – ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.
4. სპექტაკლი „ბლეზი“ – ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი.
5. სპექტაკლი „პასპორტი“ გუსტავ ოტის პიესის მიხედვით – ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრის აღჭურვა ტექნიკური ინვენტარით – ა(ა)იპ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.
7. ნინია სადღობელაშვილის პიესის, „სიყვარულის ეროსის“, დადგმა – ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრი.
8. „ლუშნუ“ – ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი; სვანური ტრადიციების, ადათ-წესების, ფოლკლორისა და მითების საფუძველზე დაიდგმება ამავე სახელწოდების სპექტაკლი.
9. თოჯინების თეატრი „ზღაპარ იყო“ – ა(ა)იპ “ქალები ქალებისთვის”, საინიციატივო შეხვედრები გურიაში; დაიდგმება საბავშვო თოჯინური სპექტაკლი.
კონკურსის შედეგად საქართველოს რეგიონებში ექვს სამოყვარულო თეატრალურ დასს დაუფინანსდება ექვსი ახალი სპექტაკლის სადადგმო ხარჯი; ასევე, განახლდება ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრებთან არსებული სახალხო თეატრების სცენის განათების აპარატურა.
საკონკურსო კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიანიჭა იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც წინა წლების ანალოგიურ კონკურსში არ მიუღიათ მონაწილეობა და რომლებიც არ დაფინანსებულა სამინისტროს მიერ.
2022 წელს ამ კონკურსის ბიუჯეტი იყო 70 000 ლარი. შემოვიდა 23 განაცხადი და დაფინანსდა სამი პროექტი, ესენია:
1. „პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა“ – ა(ა)იპ პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრი.
2. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრის მხარდაჭერის პროექტი“ – ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრის განათების აპარატურით აღჭურვა.
3. „სასცენო განათება და ეფექტები ტყიბულის თეატრს“ – ა(ა)იპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანება.
2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 100 000 ლარი. სამინისტროს მომართა 14-მა განმცხადებელმა. დაფინანსდა ხუთი პროექტი, ესენია:
1. „პოლიკარპე კაკაბაძე 130″; საიუბილეო სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“ – ა(ა)იპ იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრი.
2. დადგმა სპექტაკლისა ,,მრგვალი და მახვილი თავები“ – ა(ა)იპ პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრი.
3. სპექტაკლ „ვალის“ დადგმა ვანის სახალხო თეატრში – ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და მართვის ცენტრი.
4. ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრის ტექნიკური აღჭურვა – ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი.
5. ბაღდათის სახალხო თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა – ა(ა)იპ ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.