რუსული ჯარები უკრაინაში ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან, ამაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ ბოლო დროს ოკუპანტმა დრონებით იერიში გაახშირა.
ამის შესახებ სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
„ბოლო დროს მტერი ღამის განმავლობაში, სულ მცირე, 10 დრონს იყენებს. ზოგჯერ 3-4 დრონს იმ მიმართულებით უშვებენ, რომ შეამოწმონ საჰაერო თავდაცვის სისტემების მზადყოფნა და არ ცდილობენ რაიმეს დაზიანებას”, – თქვა მან.
გუმენიუკმა აღნიშნა, რომ უკრაინელებს ამის არ უნდა შეეშინდეთ, მაგრამ საჭიროა იერიშისთვის მომზადება.
”ეს ტაქტიკა გამართლებულია იმით, რომ ისინი ემზადებიან შემდეგი თავდასხმებისთვის. თქვენ ეს უნდა იცოდეთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ. მზად უნდა გქონდეთ საჭირო ნივთები, რომ შეძლოთ თავშესაფარში გადასვლა. უნდა გახსოვდეთ, რომ საბრძოლო სამუშაო ზოგჯერ იწვევს იმას, რომ ჩამოგდებულმა რაკეტამ ან დრონმა შესაძლოა, ზიანი მოგაყენოთ”,- განაცხადა ნატალია გუმენიუკმა.