“რუსეთი პარიზის ოლიმპიური თამაშების საბოტაჟს ცდილობს” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთი აწარმოებს დეზინფორმაციულ კამპანიას, რომ მოხდეს პარიზის ოლიმპიური თამაშების საბოტაჟი.

კითხვაზე, სურს თუ არა რუსეთს თამაშებში ჩარევა, მაკრონმა თქვა: ”ეჭვგარეშეა, მათ შორის, საინფორმაციო სივრცეში”.

”ყოველდღიურად რუსეთი ავრცელებს ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ არ შეგვიძლია, გავაკეთოთ ეს თუ ის, ასე რომ, დიახ, თამაშებს საფრთხე ემუქრება,”- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს თამაშებში მონაწილეობაზე უარი უთხრა, ისინი ნეიტრალურ სტატუსში იასპარეზებენ – ჰიმნისა და დროშის გარეშე.

საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოლო დროს რუსეთმა გააძლიერა პროპაგანდისტული მოქმედებები, სოციალურ მედიაში ყალბი ანგარიშების გამოყენებით, სადაც ავრცელებენ ჭორებს და დეზინფორმაციას.

მაკრონმა პირველად დაადასტურა, რომ ხელისუფლებას აქვს თამაშების გახსნის ცერემონიაზე ალტერნატიული სცენარი.

ჯერჯერობით, გახსნის გამართვა 26 ივლისს იგეგმება მდინარე სენაზე ნავებით, რათა ცერემონიას ნაპირებიდან 300 ათასამდე მაყურებელმა მიადევნოს თვალი. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი გრანდიოზული ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნება.

“ჩვენ მზად ვიქნებით. რამდენიმე სცენარზე ვმუშაობთ. თუ საფრთხე შეიქმნება, თუ ჩავთვლით, რომ გარემოებები ამას მოითხოვს, გვაქვს სარეზერვო ვარიანტები“, – განმარტა ემანუელ მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები