რატომ ვამთქნარებთ ჩვენ და რატომ არის ეს გადამდები

მთქნარება ჩვენი ორგანიზმისთვის ევოლუციასთან ერთად განვითარებული თავდაცვის მექანიზმია, რომელიც ტვინს გადახურებისგან იცავს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბიოლოგები იტალიიდან და აშშ-დან, რომლებიც ცდილობდნენ, გაერკვიათ, რატომ ვამთქნარებთ და რატომ არის ეს პროცესი გადამდები. საკმარისია, უბრალოდ შევხედოთ ადამიანს, რომელიც ამთქნარებს, რომ ჩვენც მაშინვე მთქნარება გვეწყება.

„ხშირ შემთხვევაში, მთქნარება, როგორც სამეცნიერო წრეებში, ისე სხვა საზოგადოებაშიც, არასწორად ესმით“, – ამტკიცებს ნიუ-იორკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის პროფესორი ენდრიუ გალუპი.

ამთქნარებენ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც. მეცნიერები დიდი ხანია, ცდილობენ, გაიგონ ამ პროცესის მექანიზმი და მისი მნიშვნელობა, ნევროლოგიის თვალსაზრისით. ერთ-ერთი მიღებული ვერსიით, მთქნარება ტვინიდან გადახურებული სისხლის გამოდინებას ეხმარება და მას თერმომარეგულირებლის როლი გააჩნია. ამას ადასტურებს ახალი კვლევებიც.

მეცნიერების დასკვნით, მთქნარებას ადამიანის თავის ქალაში ტემპერატურის მატება იწვევს, ხოლო ამ პროცესის მიზანი, ტვინის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, მისი ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებაა.

გალუპის და მისი კოლეგები კვლევებმა უკვე დაადასტურეს, რომ მთქნარების „გადადების“ მაჩვენებელი, წელიწადის დროებისა და გარემოში არსებული ჰაერის ტემპერატურის მიხედვით, მკვეთრად განსხვავდება.

მაგალითად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მთქნარება გადამდები უფრო მეტად მაშინ ხდება, როდესაც ტემპერატურა 20 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს. ტემპერატურის შემდგომი მატება კი, თითქმის, აღარ მოქმედებს მთქნარების „გადადებასა“ და სიხშირეზე.

ეს ვერსია მეცნიერებმა ექსპერიმენტით დაამტკიცეს. მათ მონაცვლეობით დაადეს ექსპერიმენტის მონაწილეებს კისერზე სამი კომპრესი: ცივი (4 გრადუსი ცელსიუსი), თბილი (46 გრადუსი) და ოთახის ტემპერატურის (22 გრადუსი).

საძილე არტერიის მიდამოში კომპრესის ხუთი წუთის განმავლობაში გაჩერებითა და თერმოგრაფიის გამოყენებით, დადასტურდა, რომ თავის ტვინის ტემპერატურა რეალურად შეიცვალა. მეცნიერებმა ცდისპირებს აჩვენეს მოკლე ვიდეო, სადაც შემთხვევით შერჩეული ცხრა ადამიანი ამთქნარებდა. ისინი აკვირდებოდნენ, დაამთქნარებდნენ თუ არა თავად ცდისპირები. ამავდროულად, ექსპერიმენტის სიზუსტისთვის, გათვალისწინებული იყო, რამდენად დიდხანს ეძინა თითოეულ მათგანს.

აღმოჩნდა, რომ სიცივე საგრძნობლად ამცირებდა მთქნარების მოთხოვნილებას. თუკი თბილი კომპრესის დადების შემდეგ მთქნარების სურვილი ექსპერიმენტის მონაწილეების 85%-ს უჩნდებოდა, ცივი კომპრესის შემთხვევაში, მთქნარება მხოლოდ 48%-ს სურდა. აქედან გამომდინარე, მკვლევრების თქმით, მთქნარების თერმომარეგულირებლის ფუნქცია დამტკიცებულად ჩაითვალა.

თუმცა, ექსპერიმენტი არ პასუხობს, სულ მცირე, სამ კითხვას:

პირველ რიგში, თუ მთქნარება განკუთვნილია ტვინის გადახურებასთან საბრძოლველად, მაშინ რატომ არ გაზარდა თბილმა კომპრესმა ოთახის ტემპერატურის მქონე კომპრესზე მეტად მთქნარების სურვილი – ადამიანის ტემპერატურა ხომ უფრო მეტად გაიზარდა?

თავის კვლევაში მეცნიერები ამ კითხვაზე ასეთ პასუხს გვთავაზობენ:

„მთქნარება მხოლოდ საკომპენსაციო გამაგრილებელი მექანიზმია. ზედმეტად თბილი კომპრესი უკვე იმდენად ახურებს ტვინს, რომ მთქნარება არაეფექტური ხდება.

მეორეც, მიუხედავად ტემპერატურისა, რატომ ვამთქნარებთ გაცილებით ხშირად უძილო ღამის ან დამღლელი დღის შემდეგ? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დაღლილობა ამცირებს ნორმალური თერმორეგულაციის მექანიზმების ეფექტურობას და ჩვენმა სხეულმა დამატებით მექანიზმებს უნდა მიმართოს?

მეცნიერების თქმით, ეს რეალობასთან ახლოსაა, მაგრამ ბევრი სხვა ექსპერიმენტით დადასტურებას საჭიროებს.

და მესამე კითხვა: რატომ არის მთქნარება ასე გადამდები? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი გალუპს და მის კოლეგებს არ აქვთ, თუმცა აქვთ მოსაზრება:

„რიგმა კვლევებმა გვაჩვენა კავშირი გადამდებ მთქნარებასა და ემპათიას შორის, მაგრამ ეს კვლევები არაერთგვაროვანი და არათანმიმდევრულია“, – ამბობს პროფესორი.

ხდება ხოლმე, რომ ავტობუსში ვიღაც ამთქნარებს და საპასუხოდ, ნახევარ ავტობუსიც მთქნარებას იწყებს.  ეს რეფლექსურად ხდება და ამ პროცესებზე პასუხისმგებელი ე.წ. სარკისებრი ნეირონებია, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ემპათიასთან. ეს ნეირონები 1996 წელს პარმის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგის, ჯაკომო რიზოლატის ჯგუფმა აღმოაჩინა. მან შეისწავლა მაიმუნები და აღმოაჩინა, რომ სარკისებრი ნეირონები აქტიურდებოდნენ არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ცხოველი თავად ასრულებდა მოქმედებას, არამედ მაშინაც, როდესაც აკვირდებოდა სხვა ცხოველს, რომელიც მსგავს მოძრაობას ასრულებდა. სახელიც სწორედ აქედან მოდის.

ალბათ ამიტომაა, რომ მხოლოდ იმის დანახვაც კი, თუ როგორ ამთქნარებს ადამიანი, ჩვენც გვიჩენს მთქნარების სურვილს. ამ მომენტში სარკისებრი ნეირონები იძლევიან გარკვეულ იმპულსს, რაც უნებლიე რეაქციას იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები