როდის და რატომ გაჩნდა საფლავის ქვებზე მიცვალებულების სურათები

ადამიანის დაკრძალვის ადგილზე გარკვეული სიმბოლიკის განთავსების ტრადიცია, ალბათ, ყველა კულტურაში არსებობს, თუმცა საფლავის ქვაზე გამოსახული გარდაცვლილი ადამიანის სურათს, პოსტსაბჭოთა სივრცის გარდა, იშვიათად თუ შეხვდებით სადმე. საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ეს იმდენად გავრცელებული „ტრადიცია“ გახდა, რომ მას არა მხოლოდ ამ ქვეყნებში მაცხოვრებელი ქრისტიანები, არამედ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც ემორჩილებოდნენ. შესაბამისად, ნათელია, რომ ეს რელიგიური წეს-ჩვეულება არ გახლავთ. მეტიც, ამ ჩვეულების ჩამოყალიბება სწორედ რელიგიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

როგორც სხვა ყველაფერი, მსგავსი „ტრადიციებიც“ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც, ძირითადად, რუსეთიდან ვრცელდებოდა. აღსანიშნავია, რომ რევოლუციამდელ რუსეთში მართლმადიდებელი მოქალაქეების საფლავებზე პორტრეტებს ვერ შენიშნავდით. ჩვეულებრივ, მიცვალებულის სახელზე ჯვარს დგამდნენ ან ხატს ამაგრებდნენ. ჯვრები შეიძლებოდა, სხვადასხვა ფორმისა და მასალის ყოფილიყო. ზოგ შემთხვევაში, მათ სახურავსაც უკეთებდნენ.

საბჭოთა ხელისუფლების მოსვლასთან ერთად, ვითარება შეიცვალა – დაიწყო რელიგიის დევნა და ყველაფერი, რაც ეკლესიას და რელიგიურ რიტუალებს უკავშირდებოდა, წნეხის ქვეშ მოექცა. საბჭოთა მოქალაქის საფლავზე ჯვრის დადება „უადგილო“ იქნებოდა, ამიტომ ახალი კონცეფცია გახდა საჭირო. ასე გაჩნდა საფლავის ქვები, რომლებსაც გარდაცვლილის პორტრეტი ამშვენებდა.

თანდათანობით, ეს ყველა სარწმუნოებისთვის საერთო სტანდარტად იქცა, რომელიც აჩვენებდა, რომ გარდაცვლილის ნათესავები რელიგიური „ფანატიკოსები“ კი არ იყვნენ, არამედ „შეგნებულად“ უდგებოდნენ საყვარელი ადამიანის დაკრძალვას. თანაც, ეს სიახლე ადამიანებს, ძირითადად, მოსწონდათ, რადგან ხალხს, უბრალოდ, ჯვრის ან წმინდანის სახის ყურებას საკუთარი ახლობლის დანახვა ერჩივნა.

ტიპური სასაფლაო ევროპაში

საბჭოთა ხელისუფლების მიზანი გასაგებია, თუმცა ეკლესია არ კრძალავს მიცვალებულთა პორტრეტების საფლავზე განთავსებას. თანაც, საბჭოთა ხელისუფლების დასრულების შემდეგ ჯვრები და საეკლესიო ატრიბუტიკა საფლავებზე ისევ დაბრუნდა. ზოგს არ მოსწონს ეს სახელდახელოდ შექმნილი „ტრადიცია“ და საფლავზე მიცვალებულის გამოსახვის წინააღმდეგია, ზოგიც თვლის, რომ გარდაცვლილი ადამიანის გამოსახულება მის შესახებ მოგონებების გაცოცხლებას უწყობს ხელს და ამ დანაკარგით გამოწვეულ ტკივილსაც ანელებს. ეს ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ თუ ვინმე ისტორიით დაინტერესდება, ის ასეთია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები