კულტურის სამინისტრო ცნობილ ქართველ კინორეჟისორს – გია კაჭარავას 65 წლის იუბილეს ულოცავს

კულტურის სამინისტრო ცნობილ ქართველ კინორეჟისორს, გია კაჭარავას, 65 წლის იუბილეს ულოცავს. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს გია კაჭარავას იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობასა და შემოქმედებით წარმატებებს.
გია კაჭარავამ 1985 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოხელოვნების ფაკულტეტი.
1976-1991 წლებში იგი მუშაობდა კინოსტუდიაში „ქართული ფილმი“ რეჟისორის ასისტენტად.
აღსანიშნავია, რომ თავისივე სცენარით გადაიღო კრიმინალური დრამა „ბლუზი” (1994) და კომედია „დონ ჟუანის დაბადება“ (1995).
მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარი ფილმისთვის „იასამანი“ (რეჟ. ი. ჩაჩანიძე, დაუსრულებელი) და „ორმაგი სახე“ (რეჟ. ლ. ანჯაფარიძე, 1997).
გია კაჭარავა, როგორც ავტორი და რეჟისორი, მუშაობდა საქართველოს I არხის პოლიტიკურ თოჯინურ სერიალზე „დიდების ზღაპარი“ (1998-2002).
ცხოვრების გარკვეული წლები ცხოვრობდა და საქმიანობდა ბრაზილიაში. არის ბრაზილიის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.
ბრაზილიიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, 2001 წელს დაწერილი სცენარი 2017 წელს საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაუფინანსა და კრიმინალური დრამა „კაცი“ ეკრანებზე გამოვიდა (2018 წელს). ფილმი პატიმარი დედისა და დამნაშავედ ქცეული შვილის ნამდვილ ამბავზეა აგებული. კაჭარავას ნამუშევარმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
რეჟისორი აგრეთვე არის ავტორი ფილმებისა: „პრეზიდენტის არჩევანი“, „თოჯინების ქალაქი“, „ბალანსი ანუ ჩაო ჯორდანო“ (სურეალისტური კომედია) და სხვ.
გია კაჭარავა, როგორც წესი, გახლავთ მისი რეჟისორობით გადაღებული ფილმების სცენარისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მემონტაჟე და მსახიობი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები