უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების დარტყმები განახორციელა და სამიზნე გახდა რამდენიმე რეგიონი, მათ შორის სარატოვის, ვორონეჟის ოლქები, ასევე თათრეთისა და ბაშკორტოსტანის რესპუბლიკები.
ზელენსკის თქმით, დარტყმები განხორციელდა ფრონტის ხაზიდან 300-დან 1 500 კილომეტრამდე დაშორებულ ობიექტებზე.
მისი განცხადებით, შეტევის შედეგად სარატოვისა და თათრეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაზიანდა.
„უკრაინა სრულიად სამართლიანად პასუხობს რუსეთს ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმებისა და ომის გაჭიანურებისთვის. დღეს ჩვენმა შორი მოქმედების სისტემებმა მიაღწია სარატოვის ოლქს, თათრეთს, ბაშკორტოსტანსა და ვორონეჟის ოლქს. რუსებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი სახელმწიფო ამ ომს აწარმოებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებს, სპეციალური ოპერაციების ძალებს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა (SBU) და სადაზვერვო უწყებებს, რომლებმაც, მისი თქმით, ოპერაცია მაღალი სიზუსტით განახორციელეს.