„ჰავანის სინდრომის“ მიღმა, რომელიც 2021 წელს აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლესაც დაუფიქსირდა, რუსეთის სპეცსამსახურების კვალი იკვეთება.
ამის შესახებ The Insaider-ის, CBS News-ის და Spiegel-ის ერთწლიან ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი, რომლის ავტორები აცხადებენ, რომ „ჰავანის სინდრომთან“ რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი დაადგინეს.
„ჰავანის სინდრომი“ არის ჯერჯერობით ამოუხსნელი მიზეზის მქონე ჯანმრთელობის დაზიანება. მასზე წლებია, საუბრობენ ამერიკელი დიპლომატები და სპეცსამსახურების თანამშრომლები. ის პირველად კუბის დედაქალაქში მდებარე აშშ-ის საელჩოში დაფიქსირდა.
ჟურნალისტური გამოძიება თბილისში, 2021 წლის 7 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს აღწერს, რომლის მიხედვითაც „ჰავანის სინდრომი“ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლეს, დიღომში, ე.წ. ამერიკულ სოფელში დაუფიქსირდა.
გამოძიების მიხედვით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ატაშეს მეუღლე ჰყვება, რომ სახლში ყოფნისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ის აღწერს ყურის და თავის ტკივილს, რის შემდეგაც გული აერია. როგორც თავად ქალი ამბობს, ამის შემდეგ მან, უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით, სახლის გარე პერიმეტრი შეამოწმა და იქვე გაჩერებული შავი ფერის „მერსედესის“ მარკის ავტომობილი შენიშნა. გარეთ გასულმა კი მაღალი, გამხდარი მამაკაცი დაინახა, რომელსაც ტელეფონით ფოტო გადაუღო. ამის შემდეგ მამაკაცმა ტერიტორია მანქანით დატოვა.
როგორც აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლე ამბობს, 3 წლის შემდეგ მან თბილისში ნანახი მამაკაცი ერთ-ერთ ფოტოზე ამოიცნო, როგორც ალბერტ ავერიანოვი, რომელიც რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს აგენტია.
პუბლიკაციაში წერია, რომ თბილისში ალბერტ ავერიანოვის ყოფნა აშშ-ის მთავრობის ორმა წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომლებიც „სი-ბი-ეს“-ის გადაცემა „60 წუთის“ ჟურნალისტებს ესაუბრნენ.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ავერიანოვი არის რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს ელიტური ქვედანაყოფის „29155“-ის წევრი და ის პასუხისმგებელია მსოფლიოში მოწყობილ არაერთ სპეცოპერაციაზე. მათ შორის ლონდონში სკრიპალების მოწამვლასა და და 2014 წელს ჩეხეთში, საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქებაზე.
გამოძიებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2014 წელს სხვადასხვა ევროპულ ქალაქებში რუსი აგენტების გადაადგილება დროში ფრანკფურტში მდებარე ამერიკულ საკონსულოს თანამშრომლებზე განხორციელებულ „უცნაური თავდასხმების სერიას“ ემთხვევა.
ანალოგიური ინციდენტები მოხდა 2016-2017 წლებში ჩინეთში, ასევე 2021 წელს სერბეთსა და ვიეტნამში.
„მიუხედავად იმისა, რომ „აკუსტიკური იარაღის“ გამოყენებასთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის კავშირის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს,
ხელისუფლებას შეუძლია „ჰავანის სინდრომისადმი“ მიდგომას გადახედოს და დაიწყოს ინციდენტების სრულფასოვანი გამოძიება“, – აცხადებენ გამოძიების ავტორები.
მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ