“ქვეყნის ტერიტორიის 44, 7 % ტყითაა დაფარული, ტყეების 34 % სხვადასხვა მიზეზით დეგრადირებულია” – „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილე ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების შესახებ
„ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის განცხადებით, ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 44, 7 % ტყითაა დაფარული. როგორც იორდანიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, საქართველო ტყით მდიდარი ქვეყნების ჩამონათვალში შედის.
მისივე თქმით, ქვეყნის ტყეების 34 % სხვადასხვა მიზეზით დეგრადირებულია.
“ტყის სექტორში ამ ქვეყნის ძირითადი პრობლემა ძალიან ბევრი წელი ის გახლდათ, რომ ჩვენი ქვეყნის ტყეების მდგომარეობის შესახებ განახლებული მონაცემები არ იყო. ტყის ეროვნულმა აღრიცხვამ, რომელიც გასულ წელს დასრულდა და ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, საშუალება მოგვცა, ქვეყნის მასშტაბით ჩვენი ტყეების მდგომარეობა სრულად შეგვეფასებინა, მახასიათებლები დაგვეზუსტებინა, ეს კი ხანგრძლივვადიანი გადაწყვეტილებების და დაგეგმვის პროცესის საფუძველი გამხდარიყო. ყველაზე კარგი ის გახლავთ, რომ ქვეყანას ტყეების მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული მონაცემები აქვს. ჩვენ თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 44, 7 % ტყითაა დაფარული, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჩვენ ტყით მდიდარი ქვეყნების ჩამონათვალში შევდივართ. აღმოჩნდა, რომ, სამწუხაროდ, ქვეყნის ტყეების 34 % სხვადასხვა მიზეზით დეგრადირებულია. მიზეზებია ათეული წლების განმავლობაში გადაჭარბებული ექსპლუატაცია, უნდა აღინიშნოს კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენა, ტყის ხანძრები, მავნებელი დაავადებების გახშირება და ა.შ. თუმცა, ეს მაჩვენებელი ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ყველაზე კარგი ისაა, რომ ასეთი სახის შეფასებამ უკვე კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვის საფუძველი შექმნა.
დეგრადაციას სხვადასხვა ხარისხი აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი ტყის ტერიტორიებზე კრიტიკული მონაკვეთები არის, სადაც ნიადაგის ეროზიები, ან ისეთი სახის პროცესები შეინიშნება, როდესაც ტყე თავისზე დაკისრებულ ეკოლოგიურ ფუნქციას სრულფასოვნად ვეღარ ასრულებს და აუცილებლად დახმარება, ჩარევა სჭირდება. თუმცა, საბედნიეროდ, ტყიანი ტერიტორიების ისეთი სახის კარგვა, დეგრადაცია როგორიც შეიძლება, ევროპის კონტინენტზე, ან სხვა ტერიტორიებზე თვალშისაცემია ხოლმე, საბედნიეროდ, დღეს საქართველოში არ გვაქვს”, – განაცხადა იორდანიშვილმა.
მისივე თქმით, 2030 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენითი სამუშაოები არანაკლებ 20 000 ჰექტარზე უნდა იყოს ნაწარმოები.
“2013 წლიდან “ეროვნული სატყეო სააგენტო” ცდილობს, რომ ტყის აღდგენის მასშტაბები ყოველწლიურად გაზარდოს. სტატისტიკაზე რომ გითხრათ, ამ წლამდე, 2013 წელს ვგულისხმობ, ჯამურად, შეიძლება ითქვას, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ასეთი სამუშაოები 100 ჰექტარს არ აღემატებოდა. ჩვენთვის საწყისი წერტილი ბორჯომის ხეობა გახლდათ, ნახანძრალი ტერიტორია, სადაც ტყის აღდგენის სამუშაოების მასშტაბები საკმაოდ მაღალი იყო. ამ წლიდან ვცდილობთ, რომ ჩვენი სამუშაოების მასშტაბებით ყოველწლიურად არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროება დავაკმაყოფილოთ, არამედ საერთაშორისო ვალდებულებებსაც ვუპასუხოთ და გადავაჭარბოთ კიდეც. საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით, სამუშაოები წელიწადში 150 ჰექტარი უნდა იყოს, ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია წელიწადში 1500 ჰექტარს ვცდებით. სამუშაოები წელსაც ასეა დაგეგმილი. გრძელვადიანი გეგმა და სამიზნე მაჩვენებელიც გვაქვს, რომ 2030 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენითი სამუშაოები არანაკლებ 20 000 ჰექტარზე უნდა იყოს ნაწარმოები.
ტყის აღდგენას რაც შეეხება, ეს ნამდვილად საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი საქმიანობაა. წლევანდელი ბიუჯეტი დაახლოებით 4 მილიონი ლარია, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ის წლის განმავლობაში საჭიროებების მიხედვით გაიზრდება”, – განაცხადა იორდანიშვილმა.
როგორც ნათია იორდანიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ხე – ტყის უკანონო მოპოვება გამოწვევაა. მისივე თქმით, დღის წესრიგში სანქციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება დგას.
“სამწუხაროდ, ხე – ტყის უკანონო მოპოვება გამოწვევად რჩება. მათ შორის, ცხელი რეგიონები გვრჩება, სადაც ეს საკითხი დღის წესრიგში კრიტიკულად არის. მიმდინარე სატყეო რეფორმის ფარგლებში წლების განმავლობაში არა მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმის და სანქციების გამკაცრება, არამედ სხვა ღონისძიებებიც ხორციელდება, რადგან ჩვენი მიზანი მხოლოდ დასჯა არ გახლავთ, ჩვენი ინტერესი პრევენციაა და ამისთვის მხოლოდ სანქციების გამკაცრება რასაკვირველია, არ მუშაობს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ნაწილიც გვიწევს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ჯარიმა გამკაცრდა, თუ გასულ წლებში 1 000 ლარი იყო, წელს უკვე 2 000 ლარია და განმეორების შემთხვევაში 5000. თუმცა, ეს მხოლოდ ადმინისტრაციული მხარეა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება ხდება და 1000 ლარზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება. დღის წესრიგში სანქციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება დგას. თუმცა, როგორც ვახსენე, მხოლოდ ეს არ მუშაობს. ამიტომ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სხვა მიმართულებებზეც ერთობლივად მუშაობენ, იქნება ეს მონიტორინგის უფრო ეფექტიანი საშუალებები, ასევე მერქნულ რესურსზე ლეგალურად ხელმისაწვდომობის ზრდა , “საქმიანი ეზოების” ინფრასტრუქტურის შექმნით, თუ ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოების გაფართოებით. იმედი გვაქვს, ყველა ეს ღონისძიება კომპლექსურად იმ შედეგებს მოგვცემს, რაც ყველას გვსურს – ქვეყანაში ტყით უკანონო სარგებლობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი”, – განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.
თამუნა შეყილაძე