ცნობილი ორმაგი აგენტები – ოლეგ პენკოვსკი

ჩვენ მოგვწონს ფილმები ჯაშუშებზე, ორმაგ აგენტებზე, დევნაზე, საიდუმლო შეხვედრებზე, შიფრებსა თუ გამოცანებზე, სადაც თავი მთავარი მოქმედი გმირების ადგილას წარმოგვიდგენია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთათვის ეს რეალური, ყოველდღიური ცხოვრებაა. ისტორიაში არაერთი მაღალი დონის ჯაშუში და ორმაგი აგენტი არსებობდა და რასაკვირველია, მომავალშიც იარსებებს. გადავწყვიტეთ, პერიოდულად, რამდენიმე მათგანზე მოგიყვეთ.  დღეს ოლეგ პენკოვსკიზე გიამბობთ.

ოლეგ პენკოვსკი

საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკი. 1963 წელს დაადანაშაულეს სამშობლოს ღალატში და როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში.

ბევრი სპეციალისტის მოსაზრებით, პენკოვსკი ყველაზე შედეგიანი აგენტია, რომელსაც ოდესმე სსრკ-ის წინააღმდეგ, დასავლეთის სასარგებლოდ უმუშავია. ამავე დროს, არსებობს მოსაზრებაც, რომ პენკოვსკის არ ჰქონდა წვდომა მნიშვნელოვან სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოებთან, რის გამოც, მისმა მოღვაწეობამ დიდი ზიანი საბჭოთა კავშირის დაზვერვას დიდი ზიანი ვერ მიაყენა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი და სპეციალური დანიშნულების სამსახურის ვეტერანი თანამშრომელი მიიჩნევს, რომ პენკოვსკი შეიძლებოდა, ყოფილიყო ორმაგი აგენტი ორი უწყების, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის და მთავარ სადაზვერვო სამმართველოს შორის გაჩაღებულ ბრძოლაში. პენკოვსკის მხილების შედეგად, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა ივან სეროვმა, რომელიც იმდროინდელი საბჭოთა ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის ძალაუფლების საყრდენი იყო. შესაბამისად, შეიქმნა საჭირო პირობები თავად ხრუშჩოვის გადასაყენებლად (რაც, საბოლოო ჯამში, მოხდა კიდეც) და ლეონიდ ბრეჟნევის 18-წლიანი მმართველობის დასაწყებად.

გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ პენკოვსკი საკუთარი ინიციატივით სთავაზობდა მომსახურებას მოსკოვში მოქმედ ამერიკულ დაზვერვას. ერთი მონაცემებით, 1960 წლის ივნისში მდინარე მოსკოვის ხიდზე პენკოვსკიმ მიმართა ორ ამერიკელ სტუდენტს ტურისტული ჯგუფიდან და სთხოვა, გადაეცათ შეერთებული შტატების საელჩოში წერილი, სადაც იგი დეტალურად, მხოლოდ სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი დეტალებით აღწერდა, თუ როგორ ჩამოაგდეს 1-ელ მაისს ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი სვერდლოვსკის თავზე. სხვა მონაცემებით, პენკოვსკიმ თავად გადასცა პაკეტი, თავისი შეთავაზებებით, მოსკოვში მდებარე ამერიკელი ელჩის რეზიდენციას. ბრიტანულ დაზვერვასთან კავშირზე გასვლა, პენკოვსკიმ, გამოძიების ინფორმაციით, 1960 წლის ნოემბერში, მოსკოვში მდებარე კანადის საელჩოს დახმარებით სცადა. აგრეთვე, არსებობს ინფორმაცია, რომ მისი პირველი კონტაქტი დასავლურ სპეცსამსახურებთან ჯერ კიდევ 1958 წელს შედგა.

1962 წელს, ოპერატიული მუშაკების თვალთვალის ქვეშ ყოფნისას (პირველად მასზე ეჭვი 1961 წლის დეკემბერში მიიტანეს), პენკოვსკიმ გამართა 6 ან მეტი შეხვედრა უცხოელ მზვერავებთან. ის მეცნიერის ნიღბის ქვეშ მოქმედებდა და უცხოელებს მათ სასტუმრო ნომრებში სტუმრობდა. იგი აგრეთვე შეამჩნიეს ამერიკის და ინგლისის საელჩოებში, ერთხელ პირდაპირ ბინაშიც კი ეწვია დასავლელ დიპლომატს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პენკოვსკი საიდუმლო ინფორმაციას მალავდა სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში. ერთი საიდუმლო ადგილი, საერთოდაც, სერგეი ესენინის სასაფლაოზე მდებარეობდა. 1962 წელს პენკოვსკიმ გადასცა ინგლისელებს და ამერიკელებს, დაახლოებით, 30 მიკროფირი, გასაიდუმლოებული დოკუმენტაციით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პენკოვსკის უთვალთვალებდნენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები, თუმცა არ ჩქარობდნენ მის დაპატიმრებას და მხილებას, რადგანაც სურდათ, აღმოეჩინათ მთელი სააგენტო ქსელი, რომელიც, მათი აზრით, მოსკოვში მოქმედებდა.

პენკოვსკი 1962 წლის 22 ოქტომბერს დააპატიმრეს, როცა სამსახურში მიდიოდა. ჯაშუში, ცხადია, ჭკვიანი იყო – დასავლეთთან თანამშრომლობა მალევე აღიარა და საბჭოელებს შესთავაზა, ორმაგი აგენტი გამხდარიყო და მათთვის ემუშავა. პენკოვსკის საქმეს საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგია, ღია სასამართლო პროცესის ფარგლებში, 1963 წლის 7 მაისიდან 11 მაისამდე განიხილავდა. პროცესისას პენკოვსკი ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა ჯარის თადარიგის პოლკოვნიკი, გამოწყობილი გახლდათ შავ კოსტიუმში და ჰალსტუხი ეკეთა. ინფორმაცია, რომ ის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მუშაობდა, გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ 30 წლის შემდეგ, 1990-იან წლებში გახდა ცნობილი.

პოსტ-სტალინისტურ ეპოქაში პირველად სწორედ პენკოვსკის სასამართლო პროცესი გაშუქდა ფართოდ ტელევიზიაში, რადიოში და საბჭოთა გაზეთებში, სადაც აქვეყნებდნენ რეპორტაჟებს სასამართლო დარბაზიდან, კომენტარებს და „მშრომელთა წერილების“ კრებულებს, რომლებშიც ხალხი ჯაშუშს აკრიტიკებდა. სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, მისი სტენოგრამა 100 000-იანი ტირაჟით გამოაქვეყნა სახელმწიფო გამომცემლობამ. სასამართლოს შედეგებს განიხილავდნენ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, კოლექტივებში… წლების განმავლობაში, საბჭოთა კავშირში პენკოვკის სახელი შეურაცხყოფად ითვლებოდა და იყო ღალატის სიმბოლო.

1963 წლის 11 მაისს საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ პენკოვსკი დამნაშავედ ცნო და მას დახვრეტა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები