საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, მწერლისა და მეცნიერის – ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 85 წელი გავიდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, მწერლის, მთარგმნელის, მეცნიერის, ზვიად გამსახურდიას, დაბადებიდან 85 წელი გავიდა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ღვაწლსა და ქართული კულტურის წინაშე მის დამსახურებას.
„დაიბადა დიდი ქართველი მწერლისა და მამულიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში. მოსწავლეობის პერიოდიდანვე ჩაება დისიდენტურ მოძრაობაში. თანაკლასელებთან ერთად დააარსა არალეგალური ორგანიზაცია „გორგასლიანი“, რის გამოც პატიმრობაც კი მიესაჯა, რაც, მოგვიანებით, პირობითი მსჯავრით შეუცვალეს.
ზვიად გამსახურდია თანდათან ყალიბდებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერად და ადამიანთა უფლებების დამცველად, რაც საბჭოთა ტოტალიტარიზმის ეპოქაში დიდ გაბედულებასა და თავგანწირვას მოითხოვდა.
როგორც დისიდენტური მოძრაობის აქტიური მონაწილე და უფლებადამცველი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ნობელის პრემიაზე წარადგინა, მშობლიურმა ერმა კი ქვეყნის წინამძღოლად აირჩია.
სამწუხაროდ, ეს აღიარება სიცოცხლის ფასად დაუჯდა და ასე იქცა სამშობლოს ზვარაკი ეროვნულ გმირად, მთაწმინდისა და უკვდავების ბინადრად.
ზვიად გამსახურდიას ეროვნული ღვაწლი ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილსაც გულისხმობს.
წარუვალ ღირებულებად დარჩა მისი რუსთველოლოგიური ნაშრომები: „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება“, „ვეფხისტყაოსანი“ ინგლისურ ენაზე“, პოეტური კრებული „მთვარის ნიშნობა“, „ზღაპრები და იგავ-არაკები“, „საქართველოს სულიერი მისია“; თარგმანები: „ამერიკელი პოეტების ანთოლოგია“, შარლ ბოდლერის „ლექსები პროზად“, ოსკარ უაილდის ზღაპრები.
ეს ზვიად გამსახურდიას მრავალმხრივი მეცნიერული და ლიტერატურული ნაღვაწის მხოლოდ ნაწილობრივი აღნუსხვაა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები