ბაიდენი აცხადებს, რომ რამდენიმე არაბული სახელმწიფო მზად არის, ისრაელი აღიაროს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რამდენიმე არაბული ქვეყანა, მათ შორის, საუდის არაბეთი მზად არის, „სრულად აღიაროს ისრაელი“.

ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, Radio City Music Hall-ში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე თქვა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ყოფილი პრეზიდენტები – ბილ; კლინტონი და ბარაქ ობამა.

“მე ვიმუშავე საუდელებსა და ყველა სხვა არაბულ ქვეყანასთან, მათ შორის, ეგვიპტესთან, იორდანიასა და კატართან. ისინი მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი”, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

მანვე დასძინა, რომ ”უნდა მოხდეს შეთანხმება ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისთვის”.

“არ არის მაინცდამაინც აუცილებელი, რომ ეს დღეს მოხდეს, ეს უნდა იყოს ეტაპობრივი მოძრაობა და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება”, – თქვა ბაიდენმა.

მანვე დასძინა, რომ ისრაელისა და “ჰამასის” ომში ძალიან ბევრი პალესტინელი და ისრაელის მოქალაქე დაიღუპა.

„გასაგებია, რომ ისრაელი ღრმად არის გაბრაზებული და “ჰამასი” ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ჩვენ უნდა შევაჩეროთ ქმედებები, რომლებიც იწვევს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით, ბავშვების მნიშვნელოვანი რაოდენობის სიკვდილს“, – თქვა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები