სასტუმრო-სკულპტურა, რომელსაც 36 წლის განმავლობაში აშენებდნენ

ურუგვაელმა ხელოვანმა, კარლოს პაეს ვილარომ 36 წელი დახარჯა იმისთვის, რომ განმარტოებულ ადგილზე, ზღვის სანაპიროზე თავისი ხელით აეგო „კასაპუებლო“ – ნახევრად ციხესიმაგრე, ნახევრად სკულპტურული კომპოზიცია. დღეს ეს შენობა, რომელშიც სასტუმროა გახსნილი, ურუგვაის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

კლდეებზე განთავსებული სასტუმრო გაუდის შენობებსაც წააგავს და თეთრ პატარა სახლებს საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე, თუმცა, ზემოხსენებულისგან განსხვავებით, მასში ვერცერთ სწორ ხაზს ვერ იპოვით.

სასტუმრო „კასაპუებლო“ ურუგვაის კურორტ პუნტა დელ ესტესთან მდებარეობს, სადაც ცნობილ ადამიანებს უყვართ დასვენება.

სასტუმროს კომპლექსი შედგება 13 ტერასისგან, რომელიც ერთმანეთის ზემოთ მდებარეობს. შენობის ქვედა სართული პირდაპირ სანაპიროზე გადის. ოთახები განსხვავდება არა ნომრებით, არამედ სიმბოლოებით, რომლებიც ვილარომ თავად დახატა. მისი თქმით, მან ეს ადგილი სასტუმროს ასაშენებლად იმიტომ აარჩია, რომ აქ მზის ჩასვლის საოცარი სანახაობით ტკბობაა შესაძლებელი. გარდა სასტუმროს ნომრებისა, სტუმრებს აქ დახვდებათ ბარი, სპა და სამხატვრო მუზეუმი.

სასტუმროს შემქმნელი გატაცებული იყო მოგზაურობით. ის მეგობრობდა ბევრ ცნობილ ადამიანთან, მაგალითად, პაბლო პიკასოსთან და ბრიჯიტ ბარდოსთან. ეს მიწა მან 1958 წელს შეიძინა, ფინანსური სახსრების შეგროვებაში  კი, მეგობრები და ინვესტორები დაეხმარნენ.

თავდაპირველად, მომავალი სასტუმროს ტერიტორიაზე სამშენებლო მასალების საწყობი გაჩნდა, შემდეგ – სამხატვრო სტუდია. მხოლოდ ამის მერე დაიწყო ვილარომ შენობის აგება. საბოლოოდ, ხელოვნების ნამდვილი ნიმუშიც გამოუვიდა. ვილარო კედლებს ხელით აძლევდა სხვადასხვა ფორმას. გარდა ამისა, კედლებში მან ბევრი სათავსო და დეკორატიული ფანჯარა გააკეთა, სადაც უამრავი მხატვრული ნივთი გამოფინა.

კარლოს პაეს ვილარო ამბობდა, რომ შენობა გაჟღენთილია მასში მცხოვრები იმ ადამიანების ენერგიით, რომელთაც ამ არქიტექტურამ ბევრი დაუვიწყარი მომენტი აჩუქა. თავად ხელოვანმა იქ სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა და 2014 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც ვილარომ ეს სამყარო დატოვა, მისმა ახლობლებმა გადაწყვიტეს, სახლი ყველასათვის ღია ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები