ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, იოსებ კეჭაყმაძის, ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა გამოჩენილი კომპოზიტორის, საგუნდო მუსიკის დიდოსტატის, იოსებ კეჭაყმაძის, 85 წლისადმი მიძღვნილი საღამო. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საღამოს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

„აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე სახელოვან ქართულ მუსიკალურ კოლექტივს, ქუთაისის კამერულ გუნდს (ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე), სახელმწიფოს ინიციატივითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მიენიჭა იოსებ კეჭაყმაძის სახელი.

საიუბილეო საღამოს უძღვებოდა თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელმაც მაყურებელს კომპოზიტორის ცხოვრებისა და შემოქმედების ბევრი საინტერესო და უცნობი ფაქტი გაუმხილა. მუსიკოლოგმა მანანა ახმეტელმა დამსწრე საზოგადოებას კომპოზიტორის შემოქმედებისა და მისი მუსიკის გენიალურობაზე მოუთხრო. მაყურებელმა იხილა ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც იოსებ კეჭაყმაძის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.

იოსებ კეჭაყმაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე საგუნდო კოლექტივებმა კომპოზიტორისა და საგუნდო მუსიკის დიდოსტატის ნაწარმოებები შეასრულეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა (მთავარი დირიჟორი არჩილ უშვერიძე), თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი (ხელმძღვანელი ლიანა ჭონიშვილი), გორის ქალთა კამერული გუნდი (სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა (ხელმძღვანელი ლაშა მიროტაძე), გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა (სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე), თბილისის ქალთა გუნდი (ხელმძღვანელი ომარ ბურდული), საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე), ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი (სამხატვრო ხელმძღვანელი ზაირა ვადაჭკორია, მთავარი დირიჟორი გელა ვადაჭკორია), სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი (ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი), თბილისის ბავშვთა კაპელა (ხელმძღვანელი გელა ფარჩუკიძე), ქუთაისის კამერული გუნდი (ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე), ანსამბლი „მძლევარი“ (ხელმძღვანელი კახა ონაშვილი).

საღამოს ორგანიზატორები იყვნენ „ნარატივის არტ პლატფორმა“ და რეჟისორი გვანცა მეფარიშვილი.

იოსებ კეჭაყმაძის შემოქმედებით მუსიკოსთა თაობები იზრდებიან. მის ნაწარმოებებს შორის არის შედევრები, რომლებიც შესულია ქართული მუსიკალური კულტურის საგანძურში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საგუნდო ციკლები: „ფშაური იდილიები“, ხუთი პარაფრაზი „ძველი თბილისის სიმღერები“, „ავლაბრული ავაზი“, „დავითიანი“, „ამერ-იმერი“, „დაბნელდა სული“, ასევე, ტერენტი გრანელის, გალაკტიონ ტაბიძისა და ხალხური ლექსების საფუძველზე შექმნილი ნაწარმოებები.

1978 წლიდან, როცა საეკლესიო მუსიკა აკრძალული იყო, იოსებ კეჭაყმაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ქმნიდა საგალობლებს. 1995 წელს კომპოზიტორს 1978-1994 წლებში სიონის საკათედრო ტაძრისთვის შექმნილი საგალობლებისთვის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. პრემიაზე იოსებ კეჭაყმაძე კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წარადგინა.

სწორედ იოსებ კეჭაყმაძის სახელს უკავშირდება ჩვენი ეროვნული ჰიმნი. მან ჰიმნად გარდაქმნა კიაზოს არია ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ მეორე მოქმედებიდან და აჩუქა თავის ქვეყანას. მისი ნაწარმოებები უკვე არის ბევრი უცხოური გუნდის რეპერტუარში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები