თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დმანისის თეატრის ერთობლივი სპექტაკლის – „სავანის” პრემიერა გაიმართა

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენაზე სპექტაკლ „სავანის” პრემიერა გაიმართა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შადიმან შამანაძის პიესის – „ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში” – მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან წარმოდგენაში მონაწილეობენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები.

საპრემიერო ჩვენებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, დმანისის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი ჯუმბერ კოპალიანი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
პიესა ეხება თანამედროვე ქალების ყოფას. წარმოდგენაში ვხვდებით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟებს, რომელთაც აწუხებთ და აშინებთ გაურკვეველი მომავალი და ჭიდილი საკუთარ თავთან.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი სიხარულიძე, რეჟისორი – თინათინ კორძაძე, მხატვარი – თეო კუხიანიძე. მონაწილეობენ: თამარ ყალაბეგაშვილი, ბარბარე ჩალაძე, ელენე თავართქილაძე, ანუკი შარია, ელენე ქურთიშვილი. საპრემიერო ჩვენება 27 მარტსაც გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიესალმება ერთობლივ პროექტებს, რაც შეიძლება სახელმწიფო თეატრებისა და სტუდენტების ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის დასაბამი გახდეს.
ასევე, მისასალმებელია, რომ დმანისის თეატრში მიმდინარე მასშტაბური სამუშაოების დასრულებამდე დმანისის თეატრი, სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი სიხარულიძის, მეთაურობით, აქტიურად მუშაობს ახალ სპექტაკლებზე და მათ მაყურებელს სხვადასხვა თეატრის სცენაზე უჩვენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები