შთაგონების კვალდაკვალ…

მან ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა და ყოველთვის ბავშვური სიჯიუტით ისწრაფვის სასურველი მიზნისკენ… დაბრკოლებებს არ ერიდება და მიაჩნია, რომ გამბედაობა რეჟისორისთვის აუცილებელი პირობაა. გიორგი მრევლიშვილი უკან არასდროს იხევს, რთული პრობლემების გადაჭრას კი მარტივად ცდილობს…

– მოგვიყევი, როგორ გახდი რეჟისორი, რა ასაკში აირჩიე ეს პროფესია და რა იყო ამ გადაწყვეტილების მთავარი სტიმული?

– დაზუსტებით ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა ერთ ამბავს გიამბობთ. მეექვსე ან მეშვიდე კლასში ვიქნებოდი. შემოდგომა იწურებოდა. ზამთრის ფეხსაცმელების შესაძენად ბაზრობას მივაშურე. დახლებს ვათვალიერებდი და სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ რიგში 8 მმ-იანი კინოკამერა აღმოვაჩინე. იმ დროს ვიდეოკამერა დიდი ფუფუნება იყო, საკმაოდ ძვირი ღირდა. კინოკამერას კი, რომელიც ჩემს წინ თითქოს გამიზნულად დაედოთ, ზუსტად ერთი წყვილი ფეხსაცმლის ფასად ჰყიდდნენ. ეს არ იყო სათამაშო, არც ის ხელოვნური კადრი, რომელსაც მუყაოსაგან ვჭრიდით ხოლმე. ეს იყო ნამდვილი კონოაპარატი. მე კი მაშინ მხოლოდ ერთი დაჟინებული და ჯიუტი ბავშვური სურვილი მქონდა. მინდოდა ნამდვილი კამერის ვიზირიდან გამეხედა. სულ ეს იყო და ეს. ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე, ძალიან მარტივად. მწამდა, რომ ამ შავ ყუთში გახედვით იმ საიდუმლოს თანამონაწილე გავხდებოდი, რომელსაც, ფილმის ჩვენების დროს, ეკრანზე ვხედავდი. ვიფიქრე, ზამთარი კიდევ უამრავჯერ დადგება, ეს კინოაპარატი კი, შესაძლოა, ხვალ აქ აღარ დამხვდეს-მეთქი. ამიტომ, იმ დღეს, ზამთრის ფეხსაცმელების მაგივრად კამერა შევიძინე. სახლში წავიღე და მთელი კვირის განმავლობაში თვალიდან არ მომიცილებია.
იმ დროს 8 მმ-იანი ფირის შეძენა საკმაოდ რთული გახლდათ, თუ არა შეუძლებელი და კიდევ უფრო რთული – მისი ლაბორატორიაში ჩაბარება. რა თქმა უნდა, გჭირდებოდა სათანადო პროექტორიც. თუმცა, ეს ყოველივე, ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ ყოფილა და ამაში საფუძვლიანად იმ დროს ვერც კი ვერკვეოდი. ლაბორატორიისა და პროექტორის ფუნქცია ჩემმა გონებამ იტვირთა. ვიმახსოვრებდი და ჩემს წარმოსახვაში ვჭრიდი კადრებს. მაშინ ეს ყოველივე მხოლოდ თამაში იყო. დღეს კი მიმაჩნია, რომ – ძალიან მნიშვნელოვანი სავარჯიშო, რომელმაც ფიქრი მასწავლა, მხატვრული სახეებით აზროვნება, ორი სრულიად განსხვავებული მოვლენის ურთიერთკავშირი გარკვეულ დროსა და სივრცეში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დაკვირვების უნარი.

– რა გზა გამოიარე დღემდე მოსასვლელად? პროფესიული კუთხით ვგულისხმობ, ბუნებრივია…10695425_10202988895309579_1607309312_n

– პირველი ფილმი 2003 წელს გადავიღე. მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მამაჩემი გია მრევლიშვილი, ცნობილი ფიზიკოსი, რამდენიმე წლით პორტოს უნივერსიტეტში იყო მიწვეული და ერთ მშვენიერ დღეს, პორტუგალიაში მეც ვესტუმრე. შევიძინეთ კვლავ 8 მმ-იანი კამერა, თუმცა ახლა, ეს უკვე ციფრული ვიდეოკამერა გახლდათ. ლისაბონში ჩავედით, სადაც და გრასას ტაძარში პორტუგალიელი მისიონერების მიერ ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი ქაშანურის პანო იყო გამოსახული.
ვიდეოკამერა პირველად მეჭირა ხელში. შორიდან საქმე გაცილებით მარტივად ჩანდა. ვცდილობდი, რაც შეიძლება მომზადებული ვყოფილიყავი, ვეძებდი სხვდასხვა სტატიებსა თუ წიგნებს ოპერატორისა და მონტაჟის ხელოვნებაზე, რეჟისურაზე. მაინც მეგონა, არაფერი ვიცოდი. თავს ვგრძნობდი, როგორც გამოცდის წინ, ყველაფერი რომ ერთბაშად გავიწყდება. უამრავჯერ მიფიქრია: ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მოეშვი!
გამოწვევას არ შევუშინდი, გადავიღე და სამონტაჟო სისტემაც შევისწავლე, რომელიც თავდაპირველად მოუთვინიერებელი ურჩხულივით წამომადგა თავზე. უამრავი შეცდომა დავუშვი,  და ვცდილობდი, მესწავლა ამ შეცდომებზე. ვეკითხებოდი საკუთარ თავს: რა არ მოგწონს ამა თუ იმ სცენაში, კადრში, ეპიზოდში და რატომ? საბოლოოდ საქმე ბოლომდე მივიყვანე. ფილმი დავასრულე. საერთოდ, ვფიქრობ, გამბედაობას ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არის ასეთი აზიური ანდაზა, ათასკილომეტრიანი გზა პირველი ნაბიჯით იწყებაო. ჩვენ, ყოველთვის ვცდილობთ, გავიზარდოთ, გავხდეთ სერიოზულები და ხშირად ძალიან შორს გავურბივართ საკუთარ ბავშვობას. ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ყველანი იქიდან მოვდივართ, ეგზიუპერს რომ დავესესხო. ბავშვობაში ვართ ყველაზე დამოუკიდებელნი, ცნობისმოყვარენი, გამბედავები, მოუსვენარები და ყველაზე მეტი კითხვაც მაშინ გვებადება. თუ რამე გვწამს, გვწამს მთელი გულით და დედამიწის ზურგზე ვერავინ გადაგვარწმუნებს, რომ ჩვენს ჩანაფიქრზე ხელი ავიღოთ. ვცდილობ, ასე ვიმუშაო.

შემდეგ დავდიოდი სამთო ექსპედიციებში უნივერსიტეტის ალპიურ კლუბთან ერთად, შოთა მირიანაშვილის ხელმძღვანელობით. დამქონდა ჩემი 8 მმ-იანი ციფრული კამერა. ასეთ ექსტრემალურ პირობებში მუშაობის დროს ბევრს სწავლობ და კამერის ელემენტებსაც გულის ჯიბით ატარებ, რომ არ გაიყინოს! იცი, რომ ულევი არც ფირი გაქვს, არც ძალ-ღონე. ყველაფერი წინასწარ უნდა განსაზღვრო და, ამასთანავე, მუდამ მზად იყო მოულოდნელი წამების დასამახსოვრებლად, რომელნიც ერთმანეთს უნდა ესაუბრონ სამონტაჟო მაგიდაზე და შემდეგ მაყურებელს ეკრანიდან.

2006 წელს, თბილისში ფრანგული დოკუმენტური ფილმების სახელოსნო „ვარანი“ ჩატარდა, რომელმაც გარდატეხა მოახდინა ჩემი, როგორც კინოდოკუმენტალისტის ხედვაში. ვმუშაობდი ფილმზე ”ზურაბი”, სადაც ქართველი მთამსვლელის ზურაბ სუჯაშვილის ცხოვრების ერთ ეპიზოდს ვაკვირდებოდი. ამ დროს ვცდილობდი, უფრო ღრმად მეფიქრა იდეაზე, ფილმის დრამატურგიაზე, მოვლენებზე, რომლებიც ყოველწამიერად ხდება თუ ვითარდება ჩვენს ირგვლივ. ვფიქრობდი მათ აღმოჩენაზე, მათთვის მნიშვნელობის მინიჭებაზე, მათ კავშირზე სხვა მოვლენებთან. ახლა რობერტ დრიუს დავესესხები, ვცდილობდი, ტექსტის ლოგიკის გვერდის ავლით მეპოვნა ის დრამატული ლოგიკა, რომელშიც მოვლენები ვითარდებოდა. მოვლენა კი შეიძლება იყოს ყველაფერი, დაწყებული ადამიანის ცხოვრებიდან, დასრულებული მისი ერთი გამოხედვით, ჟესტით, მოქმედებით, სიტყვით. მწვერვალიდან დაგორებული ერთი პატარა კენჭით, რომელმაც შესაძლოა, ზვავი გამოიწვიოს, ან უბრალოდ სადმე ხევში დაიდოს საუკუნო ბინა, სანამ კვლავ არ დაძრავს ვინმე ან რამე.

დადგა დრო და ისევ მეგონა, რომ ამ ფილმს ვერ დავასრულებდი. თავს დამატყდა ყოველგვარი შემოქმედებითი ”ქარტეხილი”, თუმცა ფილმი მაინც დავასრულე. სხვა გზა საკუთარი თავისთვის არც დამიტოვებია. როდესაც გგონია, რომ გამოუვალ ვითარებაში ხარ და საქმე ძალიან რთულად არის, სწორედ მაშინ უნდა ურჩიო საკუთარ თავს, ყველაფერს მარტივად შეხედო, ძალიან მარტივად.
2009 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ პროგრამაში გამოცხადდა კონკურსი. ეს შესანიშნავი საშუალება იყო ფილმზე მუშაობისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან. აქაც ბევრი ვეჭიდავე საკუთარ თავს. ვფიქრობდი, მიმეღო თუ არა მონაწილეობა. ბოლოს დავწერე სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ”ანარეკლი” და გავიმარჯვე კიდეც. სანამ არ ცდი, ვერ გაიგებ. ამიტომ, ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში, მოქმედება ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა! ”ანარეკლზე” მუშაობის დროს დიდი გამოწვევის წინაშე დავდექი. კითხვაზე: არის თუ არა ის დოკუმენტური ფილმი, დღესაც გამიჭირდება პასუხის გაცემა. ვიტყოდი, ეს არის ფილმი ფილმზე ფილმში. ზოგჯერ რეალურსა და ირეალურს შორის ზღვარი იკარგება. ვეღარ გრძნობ, რა არის ნამდვილი და რა – შენ მიერ გამოგონილი, მხატვრული, გნებავთ – ხელოვნური და, საერთოდ, შეიძლება თუ არა აქ მკაფიო ზღვარის გავლება? გზააბნეულივით ხარ. ეკითხები კინემატოგრაფს, მუსიკას, ტილოებს, ქანდაკებებს, მეცნიერებას, თანამედროვესა თუ ასობით წლის წინ მოღვაწე მწერლებს, საკუთარ თავს, შინაგან ალღოს, გამოცდილებას და მერე რაღაც მანქანებით, ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდება და შენც ზუსტად იცი, რა გზით იარო.10707382_10202988895429582_1533147234_o

2010 წელს კომპანია ”იქს-ფორმთან” ერთად საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადავიღეთ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი ”კავკასიის შორეული ხეობები”, რომელიც მოგვითხრობს ამერიკელი მკვლევარის უილიამ ოზგუდ ფილდის თავგადასავალზე სვანეთში. მან XX საუკუნის 30-იან წლებში იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში, ფოტო და კინოფირებზე აღბეჭდა იმდროინდელი საქართველო. მის არქივს უკვე 90-იან წლებში შემთხვევით მიაკვლია ქართველმა მკვლევარმა ირაკლი იაკობაშვილმა. ამოცანის წინაშე ვიდექი, უნდა მეპოვა მხატვრული ხერხი, რომელიც ამ არქივის მოგზაურობას ეკრანზე გადაიტანდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემივე სცენარით ვმუშაობდი, საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა მონტაჟზე, და საბოლოოდ მხატვრული რეკონსტრუქციები, დოკუმენტური და საარქივო კადრები მონტაჟურად ისე ავრიე, რომ ამ და გასული საუკუნის ერთი მთლიანი ამბავი შეიკრა. საერთოდ, ყოველთვის ბევრს ვფიქრობ ფორმასა და შინაარსზე. ზოგჯერ პირველი გაძლევს მიმართულებას, ზოგჯერ – მეორე. თუმცა ყველაზე საინტერესო მათი სინთეზია.
– რას თვლი შენს პროფესიულ კარიერაში დღემდე მიღწეულ ყველაზე დიდ წარმატებად?

– რთულია ცხოვრების რომელიმე მონაკვეთის ”დაწინაურება” და ეს, ალბათ, განსაკუთრებით რთულია ხელოვნებაში. ასე ვიტყოდი, ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთან ერთადაც შევქმენი ფილმები თუ სატელევიზიო გადაცემები. მათი მადლიერი ვარ და ყოველთვის ვაფასებ იმ შრომას, რომელიც ჩვენ – ყველამ ერთად ჩავდეთ ნამუშევრებში. წარმატებად მიმაჩნია სურვილი, რომ ყოველ ფილმზე მუშაობის შემდეგ უფრო მეტი ვიცოდე ადამიანის შესახებ, ვიდრე – მანამდე, ძალიან დიდი სიფრთხილით ვეპყრობი ჩემი ფილმების პერსონაჟებს. კიდევ ერთი რამ მიმაჩნია მნიშვნელოვან წარმატებად: თუ ფილმზე მუშაობის დაწყების წინ ვფიქრობ, რომ ამ საქმიდან შესაძლოა, არაფერი გამოვიდეს, იმავე დროს ზუსტად ვიცი, რომ ასე იყო ყოველი ფილმის დაწყების წინ. ამიტომ არასდროს ვიხევ უკან და ყოველთვის ვცდილობ დაწყებული საქმის დასრულებას.

– ამერიკაზე მოგვიყევი – სად სწავლობდი, როგორ მოხვდი იქ და რით განსხვავდება იქაური სასწავლებელი ქართული ანალოგისგან?

– ”კავკასიის შორეულ ხეობებზე” მუშაობის დროს, შეერთებულ შტატებში ყოფნისას, ვისკონსინ-მილუოკის უნივერსიტეტში შევიარე და კინოხელოვნების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს სესელია კონდიტს შევხვდი. სწორედ იმ დროს ვეძებდი კინოსკოლას და ვიფიქრე, დავათვალიერებ-მეთქი. ქალბატონმა სესელიამ გამაცნო კინოდეპარტამენტის აკადემიური პერსონალი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შევთანხმდით, რომ ჩემს ნამუშევრებს გავუგზავნიდი ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად. ასეც მოვიქეცი და ცოტა ხნის შემდეგ წერილიც მივიღე. მატყობინებდნენ, რომ მიღებული ვარ სამაგისტრო პროგრამაზე და, ამასთან, მთავაზობდნენ პროფესორის ასისტენტის პოზიციასაც, რაც სწავლის ხარჯებს სრულად ფარავდა. უფრო მეტიც, რექტორის სტიპენდიაც შემომთავაზეს. დავთანხმდი.

ასე დაიწყო ჩემი ორწლიანი ვიზიტი შეერთებულ შტატებში, სადაც გავიცანი უამრავი ნიჭიერი ადამიანი და მივიღე შესანიშნავი განათლება. ყველაზე საინტერესო ახალი გამომსახველობითი ხერხების ძიებისკენ მიმართული სამაგისტრო პროგრამის ექსპერიმენტული ხასიათი გახლდათ. ძირითადად, ვმუშაობდით 16 მმ-იან შავ-თეთრ კინოფირზე. და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც კოდაკი გაკოტრდა. ეს იყო ადგილი, სადაც ”სისულელე” სისულელედ არ ითვლებოდა. ძალიან ბევრს ვმუშაობდი, როგორც პროფესორის ასისტენტი და როგორც სტუდენტი. სრულიად განსხვავებული ტემპით. ჩვენ გვქონდა პერსონალური სტუდიები, სადაც დიდ დროს ვატარებდით. პროგრამის ხიბლი კიდევ იმაში მდგომარეობდა, რომ ვმუშაობდით არა მხოლოდ ფილმებზე, არამედ ინსტალაციებზეც და ვმონაწილეობდით გამოფენებშიც, სადაც, ჩემი მხრივ, წარვადგინე მოტორიზებული ინსტალაცია ”ჩურჩული”, მავრთულის ქანდაკებები ”უცნაური მავრთულები – ხაზები და ჩრდილები” და ხელოვანის წიგნი ”ასი წლის შემდეგ”. რაც შეეხება ფილმებს, ეს ორი წელიწადი საკმაოდ წარმატებული გამოდგა და ჩემს ამერიკელ კოლეგებთან ერთად შევქმენი ოთხი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: ”არსად და ყველგან”, ”ბავშვები”, თითოკადრული ანიმაცია ”გასეირნება” და ”ხაზები”, სადაც მილუოკში მცხოვრები ორი ქართველი ქალბატონი მონაწილეობს: მაკა კობახიძე და ლიკა დოლბაია.

– ზოგადად, რით განსხვავდება ამერიკული რეალობა ქართულისგან, რა იყო პირადად შენთვის ყველაზე თვალშისაცემი, პოზიტიური და ნეგატიური კუთხით?10574646_10202988895469583_1122594708_o

– საერთოდ, ვფიქრობ, რომ ხალხი ყველგან ერთნაირია. ადამიანი ყველგან ადამიანია ან პირიქით. 25-მდე ქვეყანაში მიმოგზაურია, თუმცა ასეთი ხანგრძლივი დროით არსად დავრჩენილვარ. შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს, პოზიტიურიდან, გამოვყოფდი მოსმენის კულტურას. ამ დროს ამერიკელები მთელი მათი არსებით ცდილობენ გაიაზრონ ის, რასაც მოუთხრობ და, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შენს კულტურას კარგად არც კი იცნობდნენ, ზუსტად მიგიხვდნენ, თუ რისი თქმა გსურს. ნებისმიერ თემაზე საუბრისას ასეა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დადებით განმტკიცებასაც. ჩვენ ხშირად გვქონდა სემინარები, სადაც საკუთარ ნამუშევრებს წარვადგენდით და შემდეგ მათზე ვმსჯელობდით, ვკამათობდით, თუმცა წარუმატებელ მაგალითებთან ერთად, ყოველთვის ვამახვილებდით ყურადღებას წარმატებულ ხერხებზეც. სხვაგვარად ძალიან რთულია!

ნეგატიურიდან კი… გულახდილად გეტყვი, დიდად არ მსიამოვნებდა, როდესაც მაგალითად, ფეხებს მაგიდაზე აწყობდნენ და აუდიტორიაში მიირთმევდნენ (იცინის), თუმცა ესეც ხომ კულტურის ნაწილია, რაც უკვე ჩემი მხრიდან მოითხოვდა გაგებას.

– შენ ორივე მიმართულებით გიმუშავია, დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებზე, რა უფრო ახლოა შენთან და გააკეთე თუ აარა უკვე  არჩევანი?

– საერთოდ. ვფიქრობ, რომ დღეს კვლავ იკარგება ზღვარი ხელოვნებასა და მეცნიერებას, ჟანრებს, მიმდინარეობებსა და მიმართულებებს შორის. მეც ვცდილობ, რომ არ შევიზღუდო თავი, ფორმა და შინაარსი ერთმანეთს დავუკავშირო. გააჩნია, რისი თქმა მსურს მოცემულ დროს. ვფიქრობ, ყველაზე გენიალური გამოგონება მაინც ფურცელი და ფანქარია და თუ სათქმელი მას სცდება, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ფორმას მიიღებს, მთავარია მიზანს ემსახურებოდეს. როგორც ოთარ ჭილაძე იტყოდა: ”კაცობრიობამ მთელი თავისი სიცოცხლე დასაწერის შესანიღბი და დაწერილის ამოსაკითხი საშუალებების ძებნასა და გამოგონებას შეალია”.

– საყვარელი რეჟისორები, კუმირები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს შენზე, როგორც შემოქმედზე?10709795_10202988895389581_1998424969_o

– ვფიქრობ, შთაბეჭდილება უფრო შესაფერისი სიტყვა იქნება, ვიდრე ”გავლენა”. კინო კი მუსიკასავით არის, გააჩნია, როგორ განწყობაზე ხარ, ხან ერთი ისტორიის ნახვა გჭირდება, ხან – მეორესი… ჩამოვთვლი, თუმცა გრძელი სია გამოვა (იცინის): მიხეილ კობახიძე, თენგიზ აბულაძე, დავით სიხარულიძე, ოთარ იოსელიანი, ვიტორიო დე სიკა, რობერტო როსელინი, ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ინგმარ ბერგმანი, ჟან-ლუკ გოდარი, ერიკ რომერი, ბელა ტარი, ძმები დარდენები, ჩარლი ჩაპლინი, კრის მარკერი, ბენ რივერსი, ვიმ ვენდერსი, რობერტ ფლაერტი, შანტალ აკერმანი, ძმები მეიზლები, რობერტ დრიუ, ჟან რუში, იან სვანკმაიერი, ფრანსუა ტრიუფო…

– ოჯახზე მოგვიყევი, ორი სიტყვით…

– რომ მკითხონ, თუ ვის გადაუხდიდი ყველაზე დიდ მადლობასო, ვუპასუხებდი, ჩემს მშობლებს: მაიას და გიას, ბრწყინვალე მეცნიერს (1938-2008). დალის – დეიდას, ჩემს მეუღლეს – ცირა ბარქაიას და სანდროს – ჩემს ძმას. მათ თანადგომას ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა! ცირას კი ორმაგი მადლობა ჩემი რთული ხასიათის გაძლებისთვის (იცინის).

– ამერიკიდან, ალბათ, იდეებით დახუნძლული დაბრუნდი, გაგვიზიარე შენი გეგმები..

– მინდა, რომ გამოცდილება გავუზიარო ადამიანებს, ვისაც ეს აინტერესებთ. ამისთვის კი შესაბამის დროს ველოდები. კინოსახელოსნოს წამოწყებას ვფიქრობ.
გარდა ამისა, ვმუშაობ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ”მთას როცა ნისლი შემოეხვევა” სცენარზე, ნახევარი თითქმის დავასრულე. ფილმი მოგვითხრობს საშუალო ასაკის ქართველი კაცის ამბავს, რომელიც უცხოეთიდან სოფლის სახლს უბრუნდება, რაც მოსახლეობას დაბრკოლებას უქმნის. ფილმის პროტაგონისტი გადაწყვეტილების წინაშე დგება, გაყიდოს, თუ არა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

გიორგი მიქაძე

1940276_10202988896429607_1039508916_n

10707815_10202988896509609_2042912723_o

10711418_10202988895349580_825740965_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები