იოსებ კეჭაყმაძის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

26 მარტს, 18.00 საათზე, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში  გამოჩენილი კომპოზიტორის, საგუნდო მუსიკის დიდოსტატის – იოსებ კეჭაყმაძის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საიუბილეო საღამოზე აჟღერდება კეჭაყმაძის ცნობილი ქმნილებები. საღამოს წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე დამსწრე საზოგადოებას კომპოზიტორის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო და დღემდე უცნობ ფაქტებს გააცნობს.
იოსებ კეჭაყმაძის უნიკალური და ნოვატორული შემოქმედებითი მემკვიდრეობა ქართული მუსიკალური კულტურის საგანძურშია შესული, მის მიმართ ინტერესი საერთაშორისო მასშტაბისაა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ხელოვანთა ნამუშევრებთან ერთად, იოსებ კეჭაყმაძის ორი ნაწარმოები მთვარეზე გაიგზავნება.
საღამოს ოფიციალური მხარდამჭერია: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო,  თბილისის მერია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები