„ომის საშინელებანი“ – გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა, რომელიც უკრაინას ეძღვნება

29 მარტს, 17:00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის საგამოფენო დარბაზში  გაიხსნება გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა. – „ომის საშინელებანი“ ( Desastres de la Guerra), რომელიც ეძღვნება უკრაინას.
გია ბუღაძე: „თანაგანცდა და თანაგრძნობა – ესაა ამ სერიის შექმნის ძირითადი მიზეზი; ხოლო მიზანი უკრაინის და საქართველოს გადარჩენა, სიცოცხლის აღდგენა და ბედნიერად ცხოვრებისა და თავისუფლების სურვილია დამოუკიდებელ და ჭეშმარიტად თავისუფალ სამშობლოში.
რთულია ამ დრამატიზმით გამსჭვალული ტკივილის გადმოცემა, გულწრფელი თანაგრძნობის განცდის გამოხატვა გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ. მივყევი ჩემს ემოციურ განცდას და შევეცადე, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში გადმომეცა ამ ტრაგედიის მასშტაბი და ასევე, იმედიც გამკრთალიყო ნანგრევებში, დარბეულ სახლებში, მიწასთან გასწორებულ ქალაქებსა თუ ოთახებში, საიდანღაც გაჩენილი „მეხსიერების ყვავილების” სახით.
სერიას ეწოდება „ომის საშინელებანი” – Desastres de la Guerra
200 წლის წინ დიდმა ფრანსისკო გოიამ ამ სახელწოდებით შექმნა გრაფიკული სერია, რომელშიც იგი მისი სამშობლოს ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა.
და მეორე დამთხვევაც: ჩვენი გამოფენის გახსნა შედგება გოიას დაბადების დღეს – 29 მარტს.
გაუმარჯოს უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
გაუმარჯოს გამარჯვებას“!

მისამართი: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, ათონელის ქ. N9.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები