წმინდა დიდმოწამე ქეთევანის მშობლიურ სოფელ მუხრანში „გაზაფხულის ქეთევანობა” აღინიშნა

წმინდა დიდმოწამე ქეთევანის მშობლიურ სოფელ მუხრანში მერვედ აღინიშნა წმინდანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი „გაზაფხულის ქეთევანობა”. ქეთევან დედოფლის საზოგადოების ინფორმაციით, ამჯერად, დედოფლის დაბადების 450-ე წლისთავი მართლმადიდებლობის ზეიმს დაემთხვა.
სადღესასწაულო წირვაზე თბილისიდან ათი ქრისტიანული სიწმინდე. ჩაბრძანდა მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში. აქ დაიწერეს ჯვარი ქეთევან ბატონიშვილმა და კახეთის უფლისწულმა დავითმა.
ამ დღეს სოფელს ეწვივნენ სტუმრები „ქეთევან დედოფლის საზოგადოებიდან“: ბერ-მონაზვნები, მწერლები, მეცნიერები, მხატვრები, თეატრალები, საქართველოს თავად-აზნაურთა საზოგადოებისა და ჩოხოსანთა კავშირის წევრები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
მუხრანის მრევლის, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, მასპინძელთა შორის იყვნენ მცხეთის მერი და მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები.
სტუმრებმა მოინახულეს პორტუგალიური პანოს ასლი მუხრანბატონის სასახლის ეზოში, მოილოცეს სოფლის ეკლესიები, მათ შორის, წმინდა ქეთევანის სახელობის მშენებარე სამონასტრო კომპლექსი.
საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ ტრადიციას: დაწესდა ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილი ნერგების დარგვა. ამჯერად, კვიპაროსის ნერგები შეემატა მონასტრის ეზოს.
დარიგდა ქეთევან დედოფლის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი მაგიდის კალენდარი.
სტუმრებს უმასპინძლეს ავთანდილ ნიკოლაძემ, ალექსანდრე ბიჭიაშვილმა და თამაზ სეხნიაშვილის ოჯახმა.
დღესასწაულები აღინიშნა აგრეთვე მცხეთაში. სვეტიცხოველში ჩატარდა წმინდა ქეთევანისადმი მიძღვნილი პარაკლისი და საზეიმო მიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები