როგორ დაიწყო ბიუსტჰალტერის ისტორია და ვინ არის იდა როზენტალი

იდა როზენტალის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ ყველას შეუძლია, მიაღწიოს წარმატებას. ძალისხმევისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, ებრაული ოჯახიდან წამოსულმა უბრალო გოგონამ შეძლო, გამხდარიყო ტანსაცმლის ცნობილი დიზაინერი. სწორედ მან აჩუქა მსოფლიოს აქსესუარი, რომელიც ქალების ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

იდა კაგანოვიჩი დაიბადა ბელორუსის პატარა ქალაქ რაკავში, ებრაულ ოჯახში. იდას დედა, სარა, ფულს მაღაზიაში სხვადასხვა წვრილმანი ნივთის გაყიდვით შოულობდა, მამამისმა – აბრაამმა კი მთელი ცხოვრება თორას შესწავლას მიუძღვნა. ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ღრმა პროვინცია იყო, რომელიც იდას შემდგომი განვითარების პერსპექტივას არ სთავაზობდა, ამიტომ, როდესაც იგი 16 წლის გახდა, მშობლებმა ვარშავაში გაგზავნეს.

იქ იდა სწავლობდა და, პარალელურად, მკერავად მუშაობდა. გოგონა ძალიან კარგად კერავდა ტანსაცმელს. როდესაც დასვენების დღეები ჰქონდა სამსახურიდან და სკოლიდან, ის სახლში მიდიოდა, მშობლების სანახავად. ერთ-ერთ ასეთ ვიზიტზე იდა უილი როზენტალს შეხვდა. ბიჭი რევოლუციური იდეებით იყო გატაცებული და თავად იდაც მალევე გახდა მისი თანამოაზრე. გოგონა ფარულადაც კი შეუერთდა ებრაულ სოციალისტურ პარტიას.

რუსეთ-იაპონიის ომის დაწყების შემდეგ მიწისქვეშა ორგანიზაციების მუშაობა გაცილებით რთული გახდა. შედეგად, უილი როზენტალს აშშ-ში ემიგრაცია მოუწია. იდა, როგორც ერთგული შეყვარებული, მამაკაცს უკან გაჰყვა. ისინი დასახლდნენ ნიუ-ჯერსის პატარა ქალაქ ჰობოკენში. შემდეგ მან და უილიმ ხელი მოაწერეს და იდამ მიიღო გვარი, რომლითაც მას ახლა მთელი მსოფლიო იცნობს – როზენტალი.

ამერიკაში რომ ჩავიდნენ, პირველი, რაც გააკეთეს, საკერავი მანქანის ყიდვა იყო. იდა აგრძელებდა იმას, რისი გაკეთებაც ყველაზე კარგად შეეძლო. მის მიერ მიღებული თანხა საკმარისი იყო ოჯახისთვის და იმ დროისთვის მათ უკვე ვაჟიც შეეძინათ. იდა ყველაზე რთული შეკვეთებს იღებდა და ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. მალე ხალხმა მთელი ნიუ-ჯერსიდან იდასთან მისვლა დაიწყო, რადგან ადგილობრივ მკერავებს არ შეეძლოთ ან არ სურდათ, გამკლავებოდნენ რთულ ამოცანებს.

ქალი დაუღალავად მუშაობდა, რისი წყალობითაც მთელ შტატში ცნობილი გახდა. ბუნებრივია, მისი შემოსავალიც გაიზარდა, ამიტომ, ოჯახმა მანჰეტენზე გადასვლა შეძლო. იქ იდამ ენიდ ბისეტის სტუდიაში დაიწყო მუშაობა. მანჰეტენზე საცხოვრებელი პირობები უკეთესი იყო, კლიენტები კი – უფრო მდიდრები. თუმცა, ის, ალბათ, მაინც ჩვეულებრივ მკერავად დარჩებოდა, ერთ მშვენიერ დღეს რომ არ მოსვლოდა ბრწყინვალე იდეა…

Bigpicture ru ida rosenthal 4

ადრე ქალები მძიმე და არასასიამოვნო კორსეტებს იყენებდნენ. მოგვიანებით გამოჩნდა პირველი ბიუსტჰალტერები, რომლებიც იგივე კორსეტები იყო, მაგრამ – შუაზე გაჭრილი. ბიუსტჰალტერის პირველი პროტოტიპი 1914 წელს მერი ფელფს ჯეიკობსმა გამოიგონა, თუმცა, მას არც შეიძლება, ეწოდოს იდეალური, რადგან მალავდა ქალის ფიგურის ყველა უპირატესობას და მკერდის ფორმას აფუჭებდა. იდას, უფრო სწორედ, მის ქმარს გაუჩნდა იდეა, როგორ გაეხადა ეს აქსესუარი უფრო პრაქტიკული.

როზენტალებმა ერთად შეიმუშავეს სპეციალური დიზაინი. ამავდროულად, მათ გაითვალისწინეს, რომ ყველა ქალს სხვადასხვა ზომის მკერდი აქვს და ბიუსტჰალტერის ზომების სპექტრი შექმნეს – A, B, C და D. ასევე, დაამატეს ეფექტები, რომლებიც ვიზუალურად ადიდებდა მკერდს. ის, რაც იდამ და უვილი როზენტალმა გააკეთეს, საოცრად განსხვავდებოდა ბიუსტჰალტერის ყველა წინამორბედისგან როგორც კომფორტით, ასევე – ესთეტიკით.

ბუნებრივია, ქალებმა მაშინვე დააფასეს ეს გამოგონება. ატელიე, სადაც იდა მუშაობდა, მალე მთლიანად საცვლების კერვაზე გადავიდა. სალონის მფლობელმა როზენტალების ოჯახს ბიზნესპარტნიორობა შესთავაზა, რაზეც უილი და იდა სიამოვნებით დათანხმდნენ. წარმატება ძალიან სწრაფად მოვიდა. ყველა ქალი ცდილობდა ახალი და კომფორტული ბიუსტჰალტერის შეძენას. კერვის პროცესი არ წყდებოდა. პერიოდულად, წყვილი პროდუქტში სიახლეებსაც ნერგავდა და ინოვაციური მიდგომების დამკვიდრებას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონები და ინტერნეტი არ ჰქონდათ, კლიენტების მოზიდვა პრობლემას არ წარმოადგენდა.

01058512.tif

ომის დროსაც კი, როცა ხელისუფლებამ გარკვეული საქონლის წარმოებაზე შეზღუდვები დააწესა, იდამ შეძლო, დაერწმუნებინა ისინი, რომ ბიუსტჰალტერის წარმოებაში არ ჩარეულიყვნენ.

1950-იან წლებში როზენტალების საწარმო თავისი პოპულარობის პიკზე იყო. მათი საცვლები ასზე მეტ ქვეყანაში იყიდებოდა. როდესაც უილი გარდაიცვალა, 1958 წელს, იდა გახდა კომპანიის სრული მფლობელი და მის განვითარებაზე მუშაობა განაგრძო.  1966 წლამდე ის მუდმივად მივლინებაში იყო და საქმიან საკითხებს აგვარებდა.

შემდეგ იდას ინსულტი დაემართა და მან პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა. კომპანია ქალიშვილ ბეატრისს გადასცა. 1973 წელს, 87 წლის ასაკში, იდა როზენტალი გარდაიცვალა. მეუღლეების მიერ დაარსებული კომპანია დღემდე არსებობს. იგი მოიცავს ამერიკული თეთრეულის ბაზრის 45%-ს და აგრძელებს პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები