“გთხოვთ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება” – გრაივორონსკის ოლქში დარჩენილ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ
ბელგოროდის რეგიონის გრაივორონსკის ოლქის ხელმძღვანელმა, გენადი ბონდარევმა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
“მივმართავ მათ, ვინც ოლქში დარჩა. ვითარება კვლავ დაძაბულია. გთხოვთ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და დროებით დატოვოთ ქალაქის ტერიტორია“, – დაწერა მან.
ბონდარევის თქმით, მოქალაქეების მისაღებად იაროსლავსკის რეგიონია მზად.
მან დასძინა, რომ ხელისუფლება ცდილობს, რაიონის მაცხოვრებლებს საკვები მიაწოდოს, თუმცა, რეკომენდაციას უწევს, “არ დააყენონ თავი და ახლობლები საფრთხის წინაშე”.
ქალაქი გრაივორონი უკრაინის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს, ომის დაწყებამდე მოსახლეობა 6 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენდა. გრაივორონსკის საქალაქო ოლქი, რომელიც ასევე მოიცავს დაახლოებით ათეულ სოფელს, ესაზღვრება უკრაინის ხარკოვისა და სუმის რეგიონებს და დაბომბვას რეგულარულად ექვემდებარება.