“მეტეოროლოგიური პირობები შეიცვალა, განიავება მოხდა, ქარი და ნალექები იყო, დღეის მდგომარეობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება არ არის” – „გარემოს ეროვნული სააგენტო”
“მეტეოროლოგიური პირობები შეიცვალა, განიავება მოხდა, ქარი და ნალექები იყო, დღეის მდგომარეობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება არ არის”, – ამის შესახებ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა არაბიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე პერიოდში კარგი ჰაერია.
“ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემებს “გარემოს ეროვნული სააგენტო” ჰაერის ხარისხის პორტალზე, air.gov.ge-ზე ათავსებს. ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შემთხვევაში განცხადება სწორედ ამ პორტალზე შეგიძლიათ, იხილოთ ხოლმე, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ატმოსფერულ ჰაერში მომატებულია მყარი ნაწილაკების, PM 2, 5 -ის და PM 10-ის შემცველობა, რაც ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. ეს სინოპტიკური პროცესია, როდესაც საჰარის ან არაბეთის ნახევარკუნძულის, ან შუა აზიის უდაბნოდან მტვრის მასების გადატანა შორ მანძილზე ხდება. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველომდეც აღწევს. ეს ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაა, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში ხდება ხოლმე. ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ, ანუ უდაბნოს მასების ატანა ჰაერის ცირკულაციით და სინოპტიკური პროცესებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა.
მარტში ეს მოვლენა რამდენიმე დღეს ზედიზედ იყო, მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, ასე ვთქვათ, წითლად იყო შეფერილი ქალაქები, სადაც მონიტორინგი მიმდინარეობს. საბედნიეროდ, ეს დაკავშირებულია მეტეოროლოგიურ პირობებთან. პირობები შეიცვალა, ანუ განიავება მოხდა, ქარი და ნალექები იყო, დღეის მდგომარეობით, დაბინძურება არ არის. ჩვენი მონიტორინგის სადგურები დღეს ისევ მწვანედაა შეფერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე პერიოდში კარგი ჰაერი გვაქვს”, – განაცხადა მარინა არაბიძემ.
როგორც მარინა არაბიძემ აღნიშნა, მარტი ამ მოვლენით ერთ-ერთი გამორჩეული იყო, რადგან ტრანსსასაზღვრო დაბინძურება 9 დღის განმავლობაში ზედიზედ დაფიქსირდა.
“ზოგჯერ ხდება, რომ ეს მოვლენა ერთ დღეს გრძელდება. შესაძლოა, მეტეოროლოგიური პირობები საღამოს შეიცვალოს და მეორე დღეს დაბინძურება აღარ გვქონდეს. თუმცა, შეიძლება, რამდენიმე დღეს ზედიზედ იყოს. შეიძლება ითქვას, რომ მარტი ამ მოვლენით ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება 9 დღის განმავლობაში ზედიზედ იყო, მეტეოროლოგიური პირობები არ შეიცვალა და ხანგრძლივვადიანი დაფიქსირდა. გასულ წლებში 41-43 შემთხვევა იყო. ვნახოთ, წლის მანძილზე როგორ გაგრძელდება ეს მდგომარეობა.
ჰაერის ხარისხის პორტალზე შეგიძლიათ, რეკომენდაციები ნახოთ, რომელიც “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” სპეციალისტების მიერაა მომზადებული. თუ მდგომარეობა კარგი არ არის, აქ შეგიძლიათ, ნახოთ, როგორ უნდა მოიქცეთ. ყველა რეკომენდაციაა, რისკჯგუფების მიხედვით სხვადასხვა რეკომენდაცია გაიცემა, ყველასთვის გასაგებად, მარტივად წერია. მაგალითად, რეკომენდაციები გარკვეული ზღვრების მიხედვითაა, შევხედავთ ზღვარს, თუ ამ ზღვარშია, შეიძლება, ეწეროს, რომ ეს ჯანმრთელი ადამიანისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ასთმიანი, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პირი გარე აქტივობებს უნდა მოერიდოს. თუ ძალიან დამძიმდება, მაშინ ნახავთ, ყველას დაუწერონ, რომ გარე აქტივობებს, ფიზიკურ დატვირთავს ყველა მოერიდოს”, – განაცხადა მარინა არაბიძემ.
ცნობისთვის, მარტის დასაწყისში გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმ რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა, რომელთა დაცვაც ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების დროსაა მიზანშეწონილი.
“არსებობს სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციები – ამ დროს ცდილობენ, რომ მსგავს ადგილებს გაერიდონ, მეორე რეკომენდაცია არის სველი საფენები, რომელიც ზოგჯერ შველის და პირბადეები, რომელიც ამ სიტუაციაში აგრეთვე შველის. პირველ ყოვლისა, რეკომენდაცია რა არის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, პატარებს მტვერი ავარიდოთ, სეირნობა შესაძლებელია ძალიან ადრე, დილით , ან ძალიან გვიან, როცა ასე ვთქვათ, ეს ნაწილაკები უფრო დალექილია. პირდაპირ ვერავინ ვერ იტყვის, ეს ასე გავაკეთოთ, თუ ისე. კიდევ ერთი, თბილისში გამწვანების კოეფიციენტი უფრო მაღალი უნდა იყოს. მცენარეები გვშველის, ამ შემთხვევაში როგორც ფილტრატები მუშაობენ“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
თამუნა შეყილაძე