ირლანდიის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

ირლანდიის პრემიერმინისტრმა, ლეო ვარადკარმა მმართველი პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიის ახალი ხელმძღვანელის არჩევისთანავე ის პრემიერმინისტრის თანამდებობასაც დატოვებს.

როგორც მან განაცხადა, პარტია Fine Gael-ის ახალი ლიდერის არჩევას დიდი დრო არ დასჭირდება. მისი აზრით, ქვეყანას ახალი პრემიერი უკვე აღდგომის შემდეგ ( 31 მარტი) ეყოლება, უკიდურეს შემთხვევაში კი, 16 აპრილს დაგეგმილი პარტიული კონფერენციის დასაწყისისთვის.

ახალ პრემიერმინისტრს და პარტიის ლიდერს მომდევნო არჩევნებში გამარჯვებისთვის ერთი წელი ექნება.

თავად ვარადკარს არც პირადი და არც პოლიტიკური გეგმები არ აქვს.

„ყველაფერი კარგად რომ გავაანალიზე და გულში ჩავიხედე, მივხვდი, რომ ახალი პრემიერი და პარტიის ახალი ლიდერი ჩემზე უკეთ იქნება მომზადებული მთავრობის ხელახალი არჩევისთვის, განაახლოს და გააძლიეროს გუნდი, ფოკუსირება მოახდინონ მესიჯებსა და პოლიტიკაზე, ხელი შეუწყოს მის განხორციელებას. შვიდი წლის მუშაობის შემდეგ, აღარ ვგრძნობ, რომ ამისთვის საუკეთესო ადამიანი ვარ”, – თქვა ვარადკარმა.

ვარადკარი პარტიას და მთავრობას პირველად 2017 წელს უხელმძღვანელა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ირლანდიის რესპუბლიკის ისტორიაში. ის ამ პოსტს 2020 წლამდე იკავებდა და შემდეგ, 2022 წელს ისევ გახდა პრემიერმინისტრი.

2015 წელს, ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების რეფერენდუმამდე ცოტა ხნით ადრე ღიად განაცხადა, რომ გეია და ქვეყნის მოქმედი პირველი პრემიერი გახდა, რომელიც ორიენტაციას არ მალავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები