“სომხეთსა და აზერბაიჯანს მოვუწოდებ, მოაწერონ ხელი შეთანხმებას, რომელიც გზას გაუხსნის მდგრად მშვიდობას” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სომხეთს და აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებს, რომელიც, მისი თქმით, გზას გაუხსნის ორივე ქვეყნის ხალხების მშვიდობის განმტკიცებას.

ამის შესახებ მან ერევანში პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.

“დღეს შეხვედრაზე განვიხილეთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მნიშვნელობა. რაც უფრო საშიში სამყაროს წინაშე ვდგებით, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის”,- თქვა მან.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ მდგრად მშვიდობას მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ.

„ამიტომ, მოვუწოდებ ორივე ქვეყანას, უახლოეს მომავალში მოაწერონ ხელი შეთანხმებას, რომელიც გზას გაუხსნის ურთიერთობების ნორმალიზებას და მდგრად მშვიდობას მოუტანს თქვენს ხალხებს“, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ფაშინიანს მადლობა გადაუხადა “თბილი დახვედრისა და იმ მუშაობისთვის, რომელიც მიმართულია თქვენი ქვეყნისა და რეგიონის ნათელი მომავლის აშენებისკენ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებას, სამხრეთ კავკასიაში მეტი მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობისთვის მუშაობის პროცესში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები