აშშ-ის დაზვერვა: პუტინს ნატოსთან ომი არ სურს და სავარაუდოა, რომ ის “ასიმეტრიული ზომებით” შემოიფარგლება
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ნატოსთან პირდაპირი დაპირისპირება არ სურს და სავარაუდოა, რომ ის “ასიმეტრიული ზომებით” შემოიფარგლება.
ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა რუსეთს დიდი პრობლემები შეუქმნა, მაგრამ ის კვლავ რჩება სტაბილურ და ქმედუნარიან კონკურენტად, ცდილობს – შეამსუბუქოს სანქციების გავლენა მის ეკონომიკაზე და აძლიერებს კავშირებს შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მთავარ მოწინააღმდეგეებთან – ჩინეთთან, ირანსა და ჩრდილოეთ კორეასთან, რაც დასავლეთისთვის დიდი გამოწვევაა.
სადაზვერვო საზოგადოების დასკვნებით, მოსკოვს არ სურს ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება და ის მხოლოდ „ასიმეტრიული ზომებით“ შემოიფარგლება, რომელიც, მისი გათვლებით, ამ ხაზს არ გადაკვეთს
დაზვერვაში ამბობენ, რომ პეკინთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთს ენერგიისა და სხვა რესურსების გაყიდვის დიდი ბაზრით უზრუნველყოფს, არის მომავალი სანქციებისგან უფრო დიდი დაცვა და შეერთებული შტატების დასაპირისპირებლად პეკინი ძლიერ პარტნიორს წარმოადგენს.
რუსეთმა მოახერხა საზღვაო ნავთობის ექსპორტის დიდი წილის გადამისამართება და სავარაუდოა, რომ მისი დიდი ნაწილი G7-ის ქვეყნების მიერ დაწესებულ ფასზე უფრო მაღალ ფასად იყიდება, რადგან რეალიზება არადასავლურ ქვეყნებში ხდება და იმის გამოც, რომ გასულ წელს ფასები გაიზარდა.
აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ მოსკოვი გააგრძელებს „სახელმწიფო ძალაუფლების ყველა ხელმისაწვდომი რესურსის“ გამოყენებას თავისი ინტერესების გასატარებლად და შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების გავლენის შელახვის მცდელობისთვის.