კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს – „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი რამდენიმე ეტაპად გამოცხადდება წლის განმავლობაში და მისი სრული ბიუჯეტია 700 000 ლარი. პირველ ეტაპზე, კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს. კონკურსის მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების, ახალი იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება.
„კონკურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ანიმაცია, ფოტოგრაფია, მედიახელოვნება, კინო, ლიტერატურა/მწერლობა, სახელოვნებო არაფორმალური განათლება.
ინფორმაციისთვის: კონკურსს სამინისტრო 2021 წლიდან აცხადებს. 2021 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 920 000 ლარი. 172 საკონკურსო განცხადებიდან დაფინანსდა 42 პროექტი.
2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 660 422 ლარი. 228 საკონკურსო განცხადებიდან დაფინანსდა 30 პროექტი.
2023 წელს კონკურსისთვის გამოყოფილი 821 554 ლარით 155 საკონკურსო განცხადებიდან დაფინანსდა 48 პროექტი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა. შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომლის დაფინანსების შესაძლებლობასაც არ ითვალისწინებს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ რომელიმე სხვა ქვეპროგრამა.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 7 მარტიდან 2024 წლის 18 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში; მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს „ცხელი ხაზის“ საშუალებით; ტელ.: 032 2 022229 ან 599 25 21 88, სამუშაო საათების განმავლობაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/Lw1gH8v0

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები