ზელენსკი – ოდესაში თავდასხმაზე: ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე, არ აინტერესებთ, სად დაარტყამენ
ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე, არ აინტერესებთ, სად დაარტყამენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში რუსეთის მიერ მისი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კორტეჟებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ დღეს ვნახეთ ეს დარტყმა. ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე, არ აინტერესებთ, სად დაარტყამენ. მე ვიცი, რომ დღეს იყო მსხვერპლი, ჯერ არ ვიცი ყველა დეტალი, მაგრამ ვიცი, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები. უპირველეს ყოვლისა უნდა დავიცვათ თავი. ამის საუკეთესო გზა საჰაერო თავდაცვის სისტემაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ სანამ საჰაერო თავდასხმის სირენების ხმას გაიგონებდნენ, ზელენსკიმ მას ოდესა დაათვალიერებინა.
„როცა მანქანებში ჩავსხედით, მალევე დიდი აფეთქების ხმა გავიგეთ. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის საუკეთესო, ყველაზე ნათელი შეხსენებაა იმისა, რომ აქ ნამდვილი ომი მიმდინარეობს. ყოველდღე არის ომი, რომელიც მხოლოდ ფრონტზე, ჯარისკაცებზე კი არ მოქმედებს, ის ჩვენს უდანაშაულო თანამოქალაქეებს ეხება“, – განუცხადა მიცოტაკისმა ჟურნალისტებს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ქალაქი ოდესა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დაბომბა.