“პუტინი არ დათმობს, განსაკუთრებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ბევრად გაბედული ევროპელი ლიდერები გვჭირდება” – რასმუსენი
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი, სულ მცირე, აშშ-ის არჩევნებამდე, ანუ 2024 წლის ბოლომდე არ დასრულდება და საჭიროა ევროპელი ლიდერების მეტად გაბედული ქმედება.
როგორც მან შვეიცარიულ გაზეთ Neue Zürcher Zeitung-თან საუბრისას თქვა, “ომის დროს სახელმწიფოს ლიდერი საზოგადოებრივი აზრით არ უნდა ხელმძღვანელობდეს”.
“არ მესმის, რატომ არ აწვდის გერმანია უკრაინას Taurus-ებს. ასევე არ მესმის, რატომ არ აწვდის შეერთებული შტატები Atacms-ებს. ვიმედოვნებდი, რომ კანცლერი – ოლაფ შოლცი Taurus-ის მიწოდების შესახებ გამოაცხადებდა, როდესაც ხელს აწერდა უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას. საბოლოოდ უნდა გავაცნობიეროთ სიტუაციის სერიოზულობა. პუტინი არ დათმობს, განსაკუთრებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ომი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ევროპა უნდა გადავიდეს ომის ეკონომიკაზე და უკრაინა ყველა საჭირო იარაღით უზრუნველყოს. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოს მეთაურები, რომლებიც გადამწყვეტად იმოქმედებენ. ომის დროს თქვენ ვერ იხელმძღვანელებთ საზოგადოებრივი აზრით. ჩვენ გვჭირდება გერმანიის ბევრად უფრო გაბედული მთავრობა. კანცლერი შოლცი მოქმედებს ზედმეტად ნელა და ზედმეტი ყოყმანით. ის არ ჰგავს ლიდერს. სწორედ ამიტომ, გერმანიას არ ეძლევა სათანადო ყურადღება იმის გამო, რომ უკრაინას, შეერთებული შტატების შემდეგ, ყველაზე მეტ ფინანსურ მხარდაჭერას უწევს. შოლცს ბევრად უფრო აგრესიული მოქმედება სჭირდება”, – თქვა რასმუსენმა.