ინალ არძინბამ ოკუპირებულ აფხაზეთში UNDP-ის პროგრამის მენეჯერს ულტიმატუმი წაუყენა და ვადა 7 მარტამდე მისცა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული გაერთიანებების განვითარებას აფერხებს.
ამის შესახებ მან ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე გამოსვლის დროს თქვა.
„ეს არის სტრუქტურა, რომელიც ცდილობს დაბლოკოს ჩვენი ყველა საერთაშორისო კონტაქტი, მათ შორის ბელარუსთან, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების სხვა წარმომადგენლებთან. ეს არის სტრუქტურა, რომელსაც არ სურს, რომ რუსეთმა თავისი მოკავშირეები გააერთიანოს. მათ სჭირდებათ სუსტი რუსეთი, მათ უნდათ რუსეთის ირგვლივ ცეცხლის რგოლი შექმნან, და მის გარშემო მრავალი კონფლიქტი წარმოშვან“, – თქვა მან.
არძინბას თქმით, მას შემდეგ რაც “აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტების განხორციელება აკრძალა, USAID-მა გააძლიერა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსება”.
მან მორიგჯერ გაიმეორა, რომ USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ UNDP-ს დაფინანსებას “აფხაზეთში გარკვეული პროექტების განსახორციელებლად” გამოუყოფს.
არძინბას თქმით, ეს მიზნებიც მათ საიტზე ღიად არის ჩამოთვლილი – “აფხაზეთის დეოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, და კრემლის მავნებლური გავლენების შეწინააღმდეგება”.
ე.წ.მინისტრმა თქვა, რომ UNDP-ის პროგრამის მენეჯერს, ვარდონ ხოჯას შეხვდა.
“როგორც ჩანს, ფიქრობენ, ინგლისურად კითხვა არ ვიცით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით USAID-ის ვებგვერდს. მას შემდეგ რაც ეს საჯაროდ ვთქვი, პუბლიკაცია წაიშალა, რაც დასავლური მანიპულატორების დახვეწილ მეთოდებს ადასტურებს. მოვიწვიე გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, ვუთხარი: “მოხუცო, ეს რა არის? ეს არის დარღვევა, გაეროს ოფიციალური განყოფილებისთვის – UNDP-ისთვის ძლიერი დარტყმაა”. მე ვუთხარი, რომ “სასწრაფოდ უნდა უარყოთ”. ვადა 7 მარტის, 18:00 საათამდე მივეცი – “გთხოვთ, UNDP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწეროთ, რომ USAID-ი მსოფლიო საზოგადოების დეზინფორმაციას ახორციელებს, ხოლო UNDP-ი გაეროს წესდების ფარგლებში მოქმედებს“, – განაცხადა არძინბამ.
მანვე დასძინა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები „არაფერს არ გამოაქვეყნებენ“, რის შემდეგაც “აფხაზეთის ხელისუფლება იძულებული იქნება მიიღოს შესაბამისი ზომები”.