“ეკონომიკური პრობლემები, სასოწარკვეთა” – ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ირანის არჩევნებში დაბალი აქტივობა იყოს
ირანში დღეს ექსპერტთა საბჭოს და მეჯლისს ირჩევენ, თუმცა, ზოგიერთი პოლიტიკოსი, ასევე, ყოფილი პრეზიდენტი – ჰასან როუჰანი, უფლებადამცველი ორგანიზაციები მოსახლოებას არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ.
შესაბამისად, ექსპერტები დაბალ აქტივობას არ გამორიცხავენ.
კემბრიჯის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის თანამედროვე პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი, როქსანა ფარმანფარმაიანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ არჩევნებში დაბალი აქტივობა დაფიქსირდა, ის იქნება გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ერთობლიობით და მოსახლეობაში განცდით, რომ “არჩევნები პოლიტიკური იმპულსის ნაწილი არ არის“.
ამის შესახებ მან Al Jazeera-სთან საუბარში თქვა.
”ირანის ხელმძღვანელობა მოსახლეობისგან სრულიად განსხვავებული მიმართულებით მოძრაობს, ამიტომ არის გარკვეული განცდა, რომ იმის მიუხედავად, თუ რამდენ არჩევნებში მიიღებ მონაწილეობას, ეს მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. აქ არის სასოწარკვეთილების დიდი ნაწილი”,- ამბობს პროფესორი და დასძენს, რომ ”ძალიან ნათელი გახდა, რომ თავად ირანის ხელმძღვანელობას, რეალურად, არ აინტერესებს მიიღებს თუ არა მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობას”.
”ისინი არ მიიჩნევენ, რომ ეს არის მათი ლეგიტიმაციის დარღვევა”,- თქვა როქსანა ფარმანფარმაიანმა.