“უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი 3-4 წელიწადში ძალებს აღადგენს და მის მეზობელ სახელმწიფოებს საფრთხე დაემუქრება” – ბენ ჰოჯესი
ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი თავს ბალტიისპირეთის ქვეყნებს ან ნატოს სხვა სახელმწიფოს დაესხმება.
ამის შესახებ მან რადიო NV-ზე თქვა.
“თუ უკრაინა არ იქნება წარმატებული და რუსეთი შეძლებს მის დამარცხებას, მაშინ მე მჯერა, რომ რუსეთი გააკეთებს იმას, რის გაკეთებასაც იმუქრება. კერძოდ კი, გააგრძელებს ლიეტუვაზე, ლატვიაზე ან ესტონეთზე, ან შესაძლოა, პოლონეთზე ან რუმინეთზე თავდასხმას”, – თქვა მან.
მისი აზრით, რუსეთი შეძლებს ნატოს წინააღმდეგ აგრესიაზე გადასვლას, როგორც კი უკრაინის წინააღმდეგ ომში არსებულ დანაკარგებს აღადგენს.
“ჩემი აზრით, რუსეთისთვის ეს არ იქნება ძალიან რთული ამოცანა – სამ-ოთხ წელიწადში ასეთი აგრესიის განხორციელება. რა თქმა უნდა, თუ უკრაინა აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვა დასავლური ქვეყნების დახმარებით წარმატებას მიაღწევს, მაშინ რუსეთი ამას ვერ შეძლებს. და ასევე – თუ ალიანსი ერთსულოვანი დარჩება. თუ შეერთებული შტატები საქმის ერთგული დარჩება, თუ ყველა ქვეყანა დარჩება საქმისადმი ერთგული, მაშინ, ვფიქრობ, რუსეთი უფრო შორს არ წავა“, – თქვა ჰოჯესმა.
გენერალმა, ასევე, აღნიშნა, რომ დამარცხების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, კრემლმა გერმანიაში შეჭრა სცადოს, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მეზობელ ქვეყნებს საფრთხე დაემუქრება.
“მათ ნატოს დაშლა სურთ. ამისთვის კი მათ ბალტიის რომელიმე ქვეყანაზე ან, ვთქვათ, პოლონეთზე თავდასხმა სჭირდებათ”,- მიიჩნევს ბენ ჰოჯესი.