გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, კერძოდ აბუ-დაბიში მიმდინარეობს.

მინისტერიალის მონაწილეებისადმი გაკეთებულ მიმართვაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ფონზე ძალზე მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის გამართული მუშაობა, რასაც უზრუნველყოფს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში შემუშავებული საყოველთაო წესები.

„მნიშვნელოვანია, რომ WTO – ს წევრ ქვეყნებს საშუალება ეძლევათ, განიხილონ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური გამოწვევები და ეძიონ მათი გადაჭრის გზები. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველო მიუერთდა დეკლარაციას ინვესტიციების წახალისებისა და განვითარების შესახებ შეთანხმების თაობაზე. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებს შორის საინვესტიციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობას და ინვესტორთა საქმიანობისთვის ადმინისტრაციული ბარიერების გამარტივებას. ჩვენ ასევე გამოვეცით მომსახურების სფეროში შიდა რეგულირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული კორიგენდუმი. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს მომსახურების სექტორში გამჭვირვალობის ამაღლებას და ბიუროკრატიული ბარიერების მნიშვნელოვნად შემცირებას. აღსანიშნავია, რომ გამჭვირვალობის თვალსაზრისით ორივე მიმართულებით, როგორც ინვესტიციების, ისე მომსახურებით ვაჭრობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და ამ მხრივ, არა მხოლოდ ფართო რეგიონის, ასევე მსოფლიო მასშტაბით ლიდერ ქვეყნებს შორისაა”, – აღნიშნა გენადი არველაძემ.

მისი თქმით, საქართველო ასევე პოზიტიურად განიხილავს მეთევზეობის სუბსიდირების შეთანხმებასთან მიერთების საკითხს.
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის დღის წესრიგი ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარება, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ელ.კომერცია, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული თემები, მეთევზეობის სფეროში სუბსიდირება, მომსახურების სფეროში შიდა რეგულირება და სხვა არსებითი საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები