შუა დერეფნის პოტენციალის ათვისება: მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის პრეზენტაცია თბილისში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე გაიმართა
მსოფლიო ბანკმა თავისი ახალი ყოვლისმომცველი კვლევა “სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ თბილისში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე წარადგინა. ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
“კვლევა გვაწვდის შუა დერეფანთან დაკავშირებით მოსალოდნელი მოთხოვნის სიღრმისეულ შეფასებას და გვთავაზობს ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკური სერვისების სიმძლავრის და დაბრკოლებების დეტალურ დიაგნოსტიკას დერეფნის გასწვრივ მდებარე სამ ქვეყანაში: საქართველოში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში.
ჰიბრიდულმა რეგიონულმა ღონისძიებამ – “შუა დერეფნის პოტენციალის ათვისება“ თანამშრომლობის მიზნით გამართული სადისკუსიო პლატფორმის როლი შეასრულა, რომელიც შეეხო შუა დერეფნის ოპერაციული ეფექტიანობის ამაღლებას და არსებულ პრობლემებზე რეაგირებას. საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების ოფიციალურმა პირებმა და ასევე კერძო სექტორის დაინტერესებულმა მხარეებმა, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორებმა, ანალიტიკურმა ცენტრებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა თავი მოიყარეს კვლევის ძირითადი მიგნებების განსახილველად, სადაც ძირითადი აქცენტი ანალიზიდან მოქმედებაზე გადასვლაზე გაკეთდა.
შუა დერეფნის მნიშვნელობა და სიძლიერე იმ სარგებელს უკავშირდება, რომლის მოტანაც მას შიდარეგიონული სავაჭრო დერეფნის სახით შეუძლია. ვაჭრობის ზრდა აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და ევროპას შორის მოთხოვნის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს შიდა რეგიონული ვაჭრობის მატებას 37 პროცენტით და ვაჭრობის 28 პროცენტიან ზრდას აღნიშნულ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის 2030 წლისთვის (2021 წელთან შედარებით).
ანგარიში განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას და ინვესტიციებს, რომლებიც საჭიროა ტრანსპორტთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის და ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, რომელიც გულისხმობს:
· დერეფნის გასწვრივ ლოგისტიკური გადაწყვეტების შემუშავებას შეუფერხებელი ოპერირების უზრუნველსაყოფად;
· პროცესების და პროცედურების რეფორმირებას და გამარტივებას, განსაკუთრებით სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებში, ტრანსპორტის მოძრაობის, მონაცემების და მულტიმოდალური დერეფნების მახასიათებლების გაცვლის გასაადვილებლად;
· დიგიტალიზაციის კოორდინირებას საზღვარზე და ოპერაციულ ინტერფეისებში, მიკვლევის გასაძლიერებლად და შეფერხებების შესამცირებლად. ერთიან, ოპერაციულად თავსებად ჩარჩოს შეუძლია დერეფანში პროცესების და საქმიანობის ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობა;
· აქცენტირებას კასპიისა და შავი ზღვის გადასასვლელების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად გემების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე და პორტის პროდუქტიულობის გაუმჯობესებაზე;
· საინვესტიციო პრიორიტეტების შეფასების ერთიან სისტემაზე შეთანხმებას. ანგარიში განსაზღვრავს საინვესტიციო შესაძლებლობების რაოდენობას, რომელიც შემდგომ შეფასებას და პრიორიტეტების განსაზღვრას საჭიროებს.
კვლევის თანახმად, საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის ევროპასთან დამაკავშირებელ ისტორიულ კარიბჭეს, რეგიონული „ჰაბის“ პოზიცია უკავია ვაჭრობის და ტრანზიტის თვალსაზრისით, რომელიც შუა დერეფნის განვითარების შემთხვევაში კიდევ უფრო გაძლიერდება. მსოფლიო ბანკის ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს გააუმჯობესოს კავშირები აზიის და ევროპის ძირითად ეკონომიკურ ცენტრებთან, ხელი შეუწყოს შეუფერხებელ ვაჭრობას და წვდომას ახალ ბაზრებთან საქართველოში წარმოებული საქონლისა და სერვისებისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.