ნავალნის გარდაცვალებისა და უკრაინაში ომის გამო, აშშ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ 500-ზე მეტ ახალ სანქციას აწესებს

უკრაინაში შეჭრის და ციხეში ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ კიდევ 500-ზე მეტ ახალ სანქციას აწესებს.

ამის შესახებ თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

ჯო ბაიდენი ამბობს, „დღეს მე ვაცხადებ 500-ზე მეტ ახალ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე ომისა და ალექსეი ნავალნის სიკვდილისთვის, რომელიც იყო მამაცი ანტიკორუფციული აქტივისტი და პუტინის ოპოზიციის ყველაზე მკაცრი ლიდერი. ეს სანქციები გამიზნული იქნება ნავალნის ციხეში ყოფნასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, ასევე, რუსეთის ფინანსური და თავდაცვის ინდუსტრიული სექტორების, შესყიდვების ქსელებისა, გარდა ამისა, იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა კონტინენტზე სანქციებს არიდებს თავს”.

ბაიდენმა დასძინა, რომ ”პუტინი კიდევ უფრო მაღალ ფასს გადაიხდის საზღვარგარეთ აგრესიასა და რეპრესიებზე ქვეყნის შიგნით”.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები დააწესებს ახალ საექსპორტო შეზღუდვებს თითქმის 100 ორგანიზაციაზე, რომელიც მხარს უჭერს “რუსულ სამხედრო მანქანას”.

ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი გუნდი იღებს ზომებს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების კიდევ უფრო შესამცირებლად.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი, მათ შორის, რუსული მედიის მხარდაჭერას.

ახალი სანქციების სია ჯერ არ გამოქვეყნებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები